“რუსეთი ოკუპანტია” კალაძისგან მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას წელსაც მოითხოვს

მოძრაობამ “რუსეთი ოკუპანტია” თბილისში, მოსკოვის გამზირზე აქცია-პერფორმანსი გამართა. სამოქალაქო აქტივისტებმა გამზირზე მიიტანეს აბრები, რომლებზეც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 170 მეომრის სახელები და გვარები წერია. პერფორმანსი ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლურად გაიმართა მოსკოვის გამზირის 11 ნომერთან.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი მერიას სთავაზობენ, მოსკოვის გამზირს გადაარქვან სახელი და 170 დაღუპულთაგან რომელიმეს სახელი უწოდონ.

“ჩვენ მოვიტანეთ 170 მიზეზი, 170 ადამიანის სახელი, რის გამოც არ უნდა არსებობდეს მოსკოვის გამზირი საქართველოში. ამ 170 ადამიანის გვარები არის ვარიანტი, თუ რა შეიძლება დაერქვას მოსკოვის გამზირს. პირადად მე ვიქნებოდი ამაყი, რომ რომელიმე ამ ადამიანის ქუჩაზე ვცხოვრობდე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს, დაიცვეს საქართველო და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ამ ომს”, – უთხრა გეგუჩაძემ ნეტგაზეთს.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი კი თბილისის მერ კახი კალაძეს მოუწოდებს, გაბედოს და შეცვალოს მოსკოვის გამზირის სახელწოდება.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სირცხვილია, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელი ერქვას ამხელა გამზირს. ჩვენ შევეცადეთ, შარშანაც მიგვექცია მერიის ყურადღება და დავაწერეთ არჩილ ტატუნაშვილის გამზირი, მაგრამ ეს წარწერა მალევა გააქრეს. დღეს ჩვენ მოვიტანეთ 170 გმირის სახელი და გვარი, ვინც შეეწირა ამ ომს. ჩვენ ვფიქრობთ, ნებისმიერი ამ გმირის სახელობის რომ გახდეს ეს ქუჩა, იქნებოდა ძალიან ღირსეული გამოსავალი”, – უთხრა მაქარაშვილმა ნეტგაზეთს.

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” აქცია მოსკოვის გამზირზე აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით. ფოტო: თემო მელიქიშვილი, ნინო გოგიშვილი/ნეტგაზეთი

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” აქცია მოსკოვის გამზირზე აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით. ფოტო: თემო მელიქიშვილი, ნინო გოგიშვილი/ნეტგაზეთი


წელს 11 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თემო მელიქიშვილი; ნინი გოგიშვილი