ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს კონფლიქტის დიალოგით მოწესრიგებისთვის ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

7 აგვისტო, 2019 • 782
თბილისი მოსკოვს კონფლიქტის დიალოგით მოწესრიგებისთვის ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის წლისთვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

“2019 წლის 7 აგვისტოს 11 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. 11 წლის წინ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყება მიუთითებს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა.

“მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით, პარალელურად კი, ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და ღირსების შელახვა, ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულების გზით.

“კიდევ უფრო საგანგაშოა ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულ საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებამ შესაძლებელი გახადა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

ამ ფონზე, თბილისი კიდევ აშკარად მიიჩნევს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობას, აგრეთვე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომის საჭიროებას.

“არსებული გამოწვევების პასუხად, საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, მოლაპარაკებებისა და დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის გზით. საქართველომ სრულად შეასრულა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ერთგულება, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, 2012 წლიდან გადაიდგა ნაბიჯები რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღსადგენად, ქართულმა მხარემ მიიღო რიგი კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რუსეთის შესაბამისი ნაბიჯები კონფლიქტის დარეგულირების კუთხით”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დასარეგულირებლად,  კონფლიქტის დიალოგის გზით მოწესრიგებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი