ახალი ამბები

ესტონეთი აღარ აღიარებს რუსულ პასპორტებს, რომლებსაც პუტინი დონეცკსა და ლუგანსკში გასცემს

7 აგვისტო, 2019 • 1375
ესტონეთი აღარ აღიარებს რუსულ პასპორტებს, რომლებსაც პუტინი დონეცკსა და ლუგანსკში გასცემს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აღარ აღიარებს იმ რუსულ პასპორტებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ ოლქებში გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ euronews წერს.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსული პასპორტების გაცემა ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო. შესაბამის ბრძანებას ხელი პუტინმა მას შემდეგ მოაწერა, რაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა.

ბრძანების ტექსტში წერია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ოლქებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიიღეს, ხოლო პასპორტის გაცემა უნდა მოხდეს პირის განცხადებიდან არაუგვიანეს 3 თვეში.

რაც შეეხება ესტონეთის საგარეეო საქმეთა სამინისტროს, უწყება ამბობს, რომ ამ ოლქებიდან 2019 წლის 24 აპრილის შემდეგ გაცემულ პასპორტებს აღარ აღიარებს, გამონაკლისად კი დაუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევებს, სადაც პირს ამ კონკრეტულ თარიღამდეც ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობა.

“დაჩქარებული რუსული პასპორტების გაცემა აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლებისთვის კიდევ ერთი მცდელობაა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრას ემსახურება. ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, აზიანებს ამჟამინდელ არასტაბილურ სიტუაციას უკრაინის აღმოსვლეთში“, – თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.

ესტონური საზოგადოებრივი მაუწყებლის მიხედვით, ესტონეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. რეინსალუ ამბობს, რომ ამ მაგალითს ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უნდა მიბაძონ.

“ჩვენი მოვალეობაა აქტიურად დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განმარტავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მანამდე ესტონეთმა გადაწყვიტა, არ ეღიარებინა რუსული პასპორტები, რომლებიც ყირიმსა და სევასტოპოლში 2014 წლის 28 მარტის შემდეგ გაიცა. ამ შემთხვევაშიც გამონაკლისად დასახელდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა მანამდეც ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი