ახალი ამბები

კობახიძე ლარის გაუფასურებაში კვლავ ოპოზიციას ადანაშაულებს

6 აგვისტო, 2019 •
კობახიძე ლარის გაუფასურებაში კვლავ ოპოზიციას ადანაშაულებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობიდან გადადგა, აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება ოპოზიციის ქმედებების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და, შესაბამისად, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირებას უკავშირდება.

“ლარის კურსს რაც შეეხება, ვიცით, რა არის გამომწვევი მიზეზები. იყო შოკი, რომელიც მყისიერად დადგა დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან შეიზღუდა პირდაპირი ფრენები და ეს პირდაპირ აისახა ტურიზმის მაჩვენებელზე. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ზრდა ივნისის თვეში, თუმცა ივლისიდან დაიწყო სერიოზული კლება ზრდის ტემპის თვალსაზრისით, რაც ბუნებრივია, აისახა ეკონომიკაზე და ლარის კურსზე. ყველამ ვიცით, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი – იყო ოპოზიციის გარკვეული ქმედებები, რასაც მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. ამას მოჰყვა ტურიზმის შემცირება და ეკონომიკისთვის ახალი პრობლემები და ვალუტის კურსის დევალვაცია- მარტივი ჯაჭვია”, – განაცხადა კობახიძემ.

20 ივნისის მოვლენებისა და რუსეთის მხრიდან დაწესებული ტურისტული ემბარგოს შემდეგ, 2019 წლის ივლისში, რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 14%-ით შემცირდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ჯამურად ერთი პროცენტით არის გაზრდილი საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა.

2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა 14.8%-ით შემცირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი