ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე აფხაზეთში ხაჯიმბა პუტინს ხვდება

6 აგვისტო, 2019 • 1216
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე აფხაზეთში ხაჯიმბა პუტინს ხვდება

დღეს, 6 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე [25 აგვისტო], დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ქალაქ სოჭში შეხვდება. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ხაჯიმბა და პუტინი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და აფხაზურ-რუსული სამომავლო ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავენ.

ბოლო შეხვედრა პუტინსა და ხაჯიმბას შორის 2018 წლის ნოემბერში შედგა. 

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართება. რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვიც ჩავიდა და რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რაულ ხაჯიმბა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მონაწილეობს.

2008 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ, ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიების გარდა პუტინი და ხაჯიმბა ერთმანეთს სოხუმშიც ხვდებოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი