ახალი ამბები

პეტერბურგის ცენტრში აქტივისტები ლგბტ პრაიდზე გამოვიდნენ, რასაც დაკავება მოჰყვა

5 აგვისტო, 2019 • 1378
პეტერბურგის ცენტრში აქტივისტები ლგბტ პრაიდზე გამოვიდნენ, რასაც დაკავება მოჰყვა

პეტერბურგის ცენტრში, სასახლის მოედანზე, რამდენიმე ათეული აქტივისტი ლგბტ პრაიდზე შეიკრიბა. ღონისძიების ჩატარებას მალევე შეუშალა ხელი პოლიციამ, რომელმაც, ორგანიზატორებისა და მედიის ცნობით, აქციის 11 მონაწილე დააკავა.

მანამდე ლგბტ თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ღონისძიების ჩატარების ნებართვის თხოვნით ადგილობრივ ადმინისტრაციას მიმართეს, რომლისგანაც უარი მიიღეს. საბოლოოდ, ორგანიზატორებმა პრაიდის “ინდივიდუალური პიკეტის” ფორმით ჩატარება გადაწყვიტეს, რომლის დროსაც აქტივისტები ერთმანეთს შეენაცვლებოდნენ და პლაკატებს რიგრიგობით დაიკავებდნენ. პროტესტის ამ ფორმას, რუსეთის კანონმდებლობით, ნებართვა არ სჭირდება.

საბოლოოდ, 3 აგვისტოს, პეტერბურგის ცენტრში, სასახლის მოედანზე, 50-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ადგილზე ლგბტ დროშები და სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები ჰქონდათ მიტანილი. პარალელურად, მოედანზე რუსეთის პოლიციისა და როსგვარდიის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი, რომელთაც  ჯერ მიმართეს აქტივისტებს, რომ კანონს არღვევდნენ, შემდეგ კი იქ მყოფთა დაკავება დაიწყეს.

აღნიშნულს წინ უძღოდა ადგილობრივი აქტივისტის, ელენა გრიგორიევას მკვლელობა, რომლის დასახიჩრებული ცხედარი 21 ივლისს პეტერბურგის ერთ-ერთ უბანში იპოვეს. ის აქტიურად მონაწილეობდა ლგბტ ადამიანების უფლებადამცველ აქტივობებში და შეყვანილი იყო “სასიკვდილო სიაში”, რომელსაც სიძულვილის ჯგუფები სოციალურ მედიაში ავრცელებდნენ და ადამიანებს უბიძგებდნენ ლგბტ პირებისა თუ მათი მხარდამჭერების სიცოცხლის მოსპობისაკენ.

რუსეთის კანონმდებლობა ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია. 2013 წელს მიიღეს კანონი “გეი პროპაგანდის” წინააღმდეგ, რომელიც შემზღუდავ გარემოს ქმნის. ამასთან, აქტივისტებმა და დამოუკიდებელმა მედიამ რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობები ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების მასობრივი დაკავებების, წამებისა და მკვლელობების შესახებ.

ამ ფონზე, “ლევადა ცენტრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლგბტ ადამიანების თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეთა დადებითი განწყობა რეკორდულ ნიშნულზეა. გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ გეებსა და ლესბოსელებს ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორიც სხვა ადამიანებს აქვთ. 43%-ს ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს.

ფოტო გარეკანზე: Альянс гетеросексуалов и ЛГБТ за равноправие

მასალების გადაბეჭდვის წესი