ახალი ამბები

ზვიად რატიანის საქმეზე EMC-მ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

5 აგვისტო, 2019 • 1876
ზვიად რატიანის საქმეზე EMC-მ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

პოეტი ზვიად რატიანის ცემის საქმეზე “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

სტრასბურგში წარდგენილ საჩივარში EMC დავობს სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებასა და ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევაზე

საქმე ეხება 2017 წლის 23 დეკემბერს თბილისში პოლიციის მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ დაკავებასა და მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეპიზოდს:

“საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ერთ წელზე მეტია არაეფექტიანად და უშედეგოდ აწარმოებს. ზვიად რატიანი უთითებს პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის სამ ეპიზოდზე, კერძოდ: დაკავების დროს, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე – პოლიციის მანქანაში. შედეგად, ზვიად რატიანმა მიიღო სხეულის თერთმეტი დაზიანება, მათ შორის, თავისა და სახის არეში” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC-ის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო შემოწმების დასკვნები და ინციდენტის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერები, მიუთითებს, რომ ზვიად რატიანმა დაზიანებები სწორედ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო:

“ასეთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ტვირთი წარმოადგინოს დამაჯერებელი განმარტება დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით. აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად საქმეში მოიპოვება მხოლოდ ინციდენტში მონაწილე პოლიციელის ჩვენებები, რომლებიც ზვიად რატიანის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაზე უთითებენ.

თუმცა, ზვიად რატიანისთვის მიყენებული დაზიანებებისა და პოლიციელთა რაოდენობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არ არის წარმოდგენილი სათანადო დასაბუთება ძალის გამოყენების პროპორციულობასა და აუცილებლობასთან დაკავშირებით. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება დღემდე არაეფექტიანად და უშედეგოდ მიმდინარეობს. მიუხედავად საკმარისი საფუძვლის არსებობისა, ბრალი არ წაყენებია ინციდენტში მონაწილე არცერთ პოლიციელს” ,- აცხადებენ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში”.

ორგანიზაციის შეფასებით, გამოძიების პროცესში გამოვლინდა არსებითი ხასიათის ხარვეზები. ზვიად რატიანს არაერთხელ თვითნებურად ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. EMC-ში აცხადებენ, რომ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული დაზიანებების მიყენებისა და ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების დაყოვნების მიზეზები.

ორგანიზაცია ასევე პრობლემურად მიიჩნევს სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხსაც, რადგან გამოძიება მხოლოდ პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, მაშინ როდესაც, EMC-ის შეფასებით, საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია
არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს:

“გარდა უკვე წარდგენილი საჩივრისა, ეროვნული მექანიზმების სრულად ამოწურვის შემდეგ, EMC, ზვიად რატიანის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე იდავებს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც პოლიციის მხრიდან მისი დაკავებისას ვიდეოჩანაწერების უკანონო გადაღებას და შემდგომში მის გავრცელებას უკავშირდება”,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ ძალადობის გამოვლინებამ, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევაა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში არის თვითნებობისა და დაუსჯელობის პრობლემა:

“ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიუხედავად, ქვეყნის შიგნით მსხვერპლის უფლებების აღდგენა ვერც ერთ ეპიზოდთან მიმართებით ვერ მოხერხდა, რაც ასევე უთითებს საგამოძიებო და მართლმსაჯულების ორგანოებში არსებულ მძიმე კრიზისზე. დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის აღიარების და ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველივე დღიდან მსხვერპლის დისკრედიტაციის სტრატეგია აირჩია და სრულად უგულებელყო მისი პატივის, ღირსებისა და ფსიქიკური უსაფრთხოების ინტერესები. სამწუხაროა, რომ 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე უწყებამ არცერთ ეტაპზე პრობლემის აღიარების და გააზრების მცდელობაც კი არ აჩვენა.

EMC იმედს გამოთქვამს, რომ ზვიად რატიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება დაუსჯელობის პრაქტიკის წინააღმდეგ საქართველოში” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი