სოჭის საერთაშორისო აეროპორტის ეთნიკურად სომეხი თანამშრომლები რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროსთან ხელმძღვანელობის მიერ დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ. საქმე შეეხება ეთნიკური ნიშნით სამსახურიდან მასობრივ დათხოვნას.
როგორც გამოცემა წერს, განცხადებას ხელს აწერს სოჭის აეროპორტის 29 თანამშრომელი. მათგან რამდენიმე კი ჰყვება შექმნილი პრობლემის შესახებ.
სარქის მარკარიანი ერთ-ერთია, რომელმაც საკუთარ გათავისუფლების განცხადებას ხელი მოაწერა. ის რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი და სხვა ეთნიკურად სომეხი თანამშრომლების დათხოვნის ბრძანება “ზემოდან” გასცეს.
“მათ წინააღმდეგ პროკურატურასაც უნდა მივმართოთ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. არანაირი კონფლიქტი აეროპორტის ხელმძღვანელობასთან არ გვქონია და არ გვესმის, რატომ ხდება ეს”, – ამბობს ის.
“ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, ჩვენი ინჟინერი მოვიდა ჩემთან და ჩუმად მითხრა, “რაღაც აბსურდი ხდება, ზემოდან გვიბრძანეს, სომხები დავითხოვოთო”. მან განცხადების დაწერა და სამსახურის დატოვება მირჩია. მაგრამ სულელი არ ვარ, ეს რომ გავაკეთო”, – ამბობს სოჭის აეროპორტის კიდევ ერთი თანამშრომელი ალბერტ მინასიანი.
სოჭის აეროპორტი კომპანია “ბაზელ აეროს”, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინითან დაახლოებულ პირს, ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის.
კომპანიის პრესსამსახურის უფროსი, ანა სალიმოვა კომპანიის თანამშომლების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ კონკრეტული პირები ეთნიკურ შუღლს აღვივებენ.
სოჭის აეროპორტიდან ეთნიკური ნიშნით თანამშრომლების დათხოვნის საკითხს ამჟამად რუსეთში სომხეთის საელჩოც სწავლობს.