ახალი ამბები

“რუსთავი 2” VS პარლამენტი და სხვა მაუწყებლების პოზიციები სარეკლამო რეგულაციებზე

7 თებერვალი, 2015 •
“რუსთავი 2” VS პარლამენტი და სხვა მაუწყებლების პოზიციები სარეკლამო რეგულაციებზე

“ასე სწრაფად, ვფიქრობ, რომ არ უნდა მომხდარიყო. ჯობდა, რომ მოგვეცადა, წელს ციფრულზე გადასვლის წელია, ჯობდა, წინასწარ, ერთი წლით ადრე ცოდნოდა ბაზარს, რომ ასეთი რაღაც იგეგმებოდა, მაგრამ მე არც შახიდი ვარ და არც რადიკალი, რომ პარლამენტს შევუვარდე და ავაფეთქო”, – ამბობს ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი იმ საკანონმდებლო ინიციატივის ამოქმედების ვადაზე, რომელსაც “რუსთავი 2”-მა მის წინააღმდეგ მიმართული კანონი უწოდა.

 

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. დღეისათვის მოქმედი რედაქციით ტელე ან რადიოარხზე (გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა) რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს. ეს ნორმა მაუწყებლებს საშუალებას აძლევს, რომ სარეკლამო ჭრების მოცულობა მისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს და პრაიმ-ტაიმისკენ მიმართოს, რა დროსაც რეკლამის ფასი უფრო მაღალია. ახალი საკონონმდებლო ცვლილებით კი, რომელიც ამ ფორმით დამტკიცების შემთხვევაში აპრილიდან ამოქმედდება, უქმდება დღე-ღამის განმავლობაში ფიქსირებული 20-პროცენტიანი სარეკლამო ლიმიტი და კანონმდებელი მაუწყებელს ყოველი 1 საათი საეთერო დროიდან რეკლამის განსათავსებელად მხოლოდ 12 წუთს (ანუ 20 პროცენტს) უსაზღვრავს. დღეისათვის საქართველოში მოქმედი ყველა ტელეკომპანია ვერ აღწევს იმას, რომ ყოველი სამაუწყებლო 1 საათის (მაგალითად, დღის ეთერში) განმავლობაში 12 წუთი რეკლამა მოიზიდოს, თუმცა პრაიმ-ტაიმში ზემოხსენებულ 12-წუთიან ლიმიტს ბევრი მათგანი აჭარბებს, ახალი საკანონმდებლო ცვლილების საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში კი, მათ საკუთარი გეგმების კორექტირება მოუწევთ.


მაუწყებელთა განმარტებები

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”, რომელიც საქართველოში სატალევიზიო რეკლამის ბაზრის ლიდერია (2014 წლის მეოთხე კვარტალში რეკლამით 13 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო), ცვლილების შინაარსს არ ეწინააღმდეგება, თუმცა მის გადავადებას ითხოვს. ზემოხსენებული ნორმის იმპლემენტაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ნაწილია, ანუ საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებაა. თუმცა “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ხაზს იმ გარემოებას უსვამს, რომ ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირი საქართველოს მისი იმპლემენტაციისათვის რამდენიმეწლიან ვადას აძლევს:

 

“ჩვენ ვეთანხმებით იმას, რასაც ევროდირექტივა ითხოვს და ისინი ზიანს არ გვაყენებს, ზიანს გვაყენებს ის ნორმები, რომელიც კანონმდებელმა ამ დირექტივის საწინააღმდეგოდ შეიტანა. პირველ რიგში, ვადებთან დაკავშირებული დებულებები, რომელიც მყისიერად უნდა ამოქმედდეს, ნაცვლად ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებული 3-წლიანი და რიგ შემთხვევაში 5-წლიანი ვადისა. მეორე საკითხი არის [ამ კანონპროექტში ჩადებულიი] სპონსორობის შეზღუდვა, რასაც ევროდირექტივა საერთოდ არ ითვალისწინებს. ყოველივე ამის შედეგად ჩვენ ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს რეკლამის ღირებულება მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 5 პროცენტია, აუცილებლად უნდა გადაიხედოს ხელფასები შემცირების კუთხით მაშინ, როცა ქვეყანაში ლარის კურსი უკვე ½-ზეა დოლართან მიმართებაში”, – აცხადებს გვარამია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, რომ ბიუჯეტის შემცირების გამო ტელეკომპანიას მინიმუმ 100 თანამშრომელი ეყოლება გასათავისუფლებული.

 

“მე მათი [“რუსთავი 2”-ის] აბოსულუტურად კარგად მესმის და გაგებით ვეკიდები, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ პრობლემა შეექმნებათ, ისინი არიან მაუწყებლები, ბაზრის ლიდერები და ვფიქრობდი, რომ მათი აზრი უნდა გათვალისწინებულიყო, თუმცა არ არის გათვალსიწინებული და რას ვიზამთ?” – აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში. მისი თქმით, ტელეკომპანია “კავკასიას” საათობრივი სარეკლამო ლიმიტის შემოღება ზარალს არ მიაყენებს, რადგან მათ არ აქვთ იმ მოცულობის რეკლამა, რომ ლიმიტს გადააჭარბონ. მიუხედავად ამისა, “კავკასიის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ ასე სწრაფად ეს საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დამდგარიყო:

 

“თუმცა კანონპროექტის ბოლო ვარიანტი ბევრად უკეთესია იმაზე, რაც თავიდან იყო. რა მოცემულობაც იყო, მე იქიდან შევეცადე, რომ მაქსიმალურად მისაღები ვარიანტი გამოსულიყო”.

 

ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორის მოადგილე ილია კიკაბიძე აცხადებს, რომ რეგულაციის აპრილში ამოქმედების შემთხვევაში სარეკლამო ბლოკების შემცირება მოუწევთ, თუმცა მხოლოდ პრაიმ-ტაიმში, რადგან ლიმიტს საღამოს ეთერში აჭარბებენ.

“ჩვენ ეს ძალიან დიდ დარტყმას არ მოგვაყენებს, თუმცა მოგვიწევს ფასების გაზრდა იმ მაღალმოთხოვნად ბლოკებში, სადაც გადაჭარბება გვქონდა. ფასების ზრდასაც ისე ვეცდებით, რომ არც შემკვეთისთვის იყოს დამაზიანებელი და არც ჩვენ დავკარგოთ ფული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ გადაჭარბება ბევრი არ გვაქვს და 20-25-წუთიანი ბლოკები არ გვქონდა. აქედან გამომდინარე, შემცირებაც ნაკლები მოგვიწევს. ახლა რთულია იმის თქმა, რა ზარალს მივიღებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ზარალის გარეშე გადავიტანოთ ეს ცვლილებები”, – ამბობს კიკაბიძე.

 

ნეტგაზეთის კითხვას, თუ მათაც უწევთ გარკვეული გეგმების შეცვლა და ფასების გაზრდა, რატომ არ უერთდებიან “რუსთავი 2”-ის პროტესტსა და მოთხოვნას რეგულაციის გადავადებასთან დაკავშირებით, იგი ასე პასუხობს:

 

“რუსთავი 2″-ს მთლიანად ვერ შევუერთდები ამ პროტესტში იმიტომ, რომ პოლიტიკურ ელფერს სძენს ხოლმე თვითონ “რუსთავი 2” და გადაჰყავს თემა იქითკენ, რომ “რუსთავი 2”-ის დახურვას ცდილობს ქვეყანა… ამ პათოსს ვერ შევუერთდები.

 

მოყოლებული შემოდგომიდან, ჩვენ მაქსიმალურად ვითხოვდით [გადავადებას], მაგრამ არ გაითვალისწინეს და არ გადაიტანეს და რა გავაკეთოთ ახლა? ამის გამო საპროტესტო აქციებს ვერ დავიწყებთ… აქციებს მაშინ ვატარებდით, როცა ლიცენზიას არ გვაძლევდნენ. ახლა “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იძახიან, ეს შეზღუდვა “რუსთავი 2”-ის დახურვააო და ტელევიზიის დახურვა მაშინ იყო, როცა მათი მმართველობის დროს ჩვენ ლიცენზიას არ გვაძლევდნენ”, – აცხადებს კიკაბიძე.

 

“რუსთავი 2”-ის შემდეგ სარეკლამო ბაზრის რიგით მეორე ლიდერთან, ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენლებთან დაკავშირება “ნეტგაზეთმა” ვერ მოახერხა. ჩვენთან საუბრის შემდეგ ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ბახტაძის თანაშემწემ საკითხი ჩაინიშნა, თუმცა შემდგომ “იმედიდან” აღარავინ დაგვკავშირებია. ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით კი, “რუსთავი 2”-ისგან განსხავვებით “იმედი” ნორმის სწრაფად ამოქმედებას უჭერდა მხარს და იგივე აზრზე იყვნენ რეგიონული მაუწყებლებიც.

 

ზემოხსენებული ევროდირექტივის და საათობრივი ლიმიტის რეგულაციის დაკანონებას წლებია ლობირებს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი, თუმცა ისიც მიიჩნევს, რომ ნორმის ამოქმედების გონივრული ვადა 2016 წლიდან იქნებოდა:

 

“როდესაც საკითხი დღის წესრიგში დადგა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმეთ მას და ვთქვით, რომ გვიხარია მუშაობის დაწყება და ის, რომ რასაც აქამდე ვითხოვდით, კანონმდებლობაში გადადის, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას არ ჰქონია, რომ მაინცდამაინც დღეს შევიდეს ძალაში. ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია გონივრული ვადები, რათა მაუწყებლებს მიმდინარე ხელშეკრულებებზე პრობლემები არ შეექმნათ. ნამდვილად არ ვაპირებთ დავიბრალოთ, რომ ჩვენზე შესტკივათ გული და ამიტომ იღებენ ამ ცვლილებებს. ეს ასე არ არის. ადრე თუ გვიან მისაღებია [ეს საკანონმდებლო ცვლილება], მაგრამ რაც შეეხება დროს, ამაზე ჩვენ კატეგორიული მოთხოვნა ნამდვილად არ გვქონია”, – ამბობს კუპრაშვილი.

რატომ ჩქარობს პარლამენტი ნორმის დაჩქარებულად მიღებას, როდესაც ასეთი სისწარფით არ აკანონებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, მაგალითად, სავალდებულო ტექდათვალიერებას? – დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემელაძე აცხადებს, რომ ნორმის აპრილიდან ამოქმედება სულაც არაა სიჩქარე. საათობრივი სარეკლამო ლიმიტი 2011 წლამდე მოქმედებდა, თუმცა იმ დროინდელმა პარლამენტმა ის დღეისათვის არსებული რეგულაციით შეცვალა და გამოთქვა მზაობა, რომ საქართველო მომავალში მოახდენდა ევროდირექტივის იმპლემენტაციას. ტყემალაძე განმარტავს, რომ ის მომავალი სწორედ ახლა დადგა:

 

“2011-ში გადაიდგა ცოტა კვაზი, მაგრამ მაინც ნაბიჯი, რაც კარგი იყო, ახლა ბოლომდე მიგვყავს, მაგრამ რატომ მიდიხართ ბოლომდეო… ვადა არ გვყოფნის და მომზადება გვჭირდებაო, მომზადება დღეიდან კი არა, 2011 წლიდან სჭირდებოდა “რუსთავი 2”-ს. ამიტომ ამ შენიშვნას ვერ გავითვალისწინებთ”.

რას გამოიწვევს სარეკლამო ბაზარზე ახალი რეგულაცია

ნათია კუპრაშვილის განმარტებით, ზემოხსენებული ნორმის მთავარი მოტივაცია მომხმარებლების უფლებებია, რომელთაც უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ გადაცემებს კომფორტულად უყურონ წინასწარ განსაზღვრული სარეკლამო ლიმიტით, ამასთან იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელშიც ეს რეგულაცია მოქმედებს, იგი ვარაუდობს, რომ სარეკლამო შემოსავლების დივერსიფიკაცია საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

 

“თუ ჩვენს და ევროპულ ბაზარს შევადარებთ, როგორ ხდება გადანაწილება, აღმოჩნდება, რომ იქ  საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რაც იწვევს იმას, რომ სხვა სახის მედიასაშუალებებიც ვითარდებიან. ჩვენთან, სამწუხაროდ, უძირო ქვევრივით იყო სატელევიზიო რეკლამის სივრცე და ბაზრის გადანაწილება ვერ ხდებოდა. აღარაფერს ვამბობ მომხმარებლების უფლებების დაცვაზე იმიტომ, რომ ეს საათობრივი შეზღუდვა სწორედ ამ პრიორიტეტიდან მოდის”, – ამბობს კუპრაშვილი.

 

ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით კი, დღეს არავინ იცის როგორ იმოქმედებს პროცესი ბაზარზე:

“არავინ იცის, რა მოხდება. შეიძლება, მაგალითად, ასეთი პროცესიც განვითარდეს: როგორც ვიცი, “რუსთავი 2”-მაც და “იმედმაც” რეკლამა გააძვირა, შესაძლოა, მათზე იმდენად ამოწურონ კომპანიებმა ბიუჯეტი, რომ სხვაგან საერთოდ აღარ წაიღონ, ანუ “რუსთავი 2”-ზე ამჯობინონ სარეკლამო ბიუჯეტის სრულად გახარჯვა და არა პირიქით, რომ “რუსთავი 2”-ზე აღარ მიიტანონ და სხვაგან გაანაწილონ. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, დამოკიდებულია კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ ბიუჯეტზე და კონკრეტულ გათვლებზე. არავინ იცის, რას გამოიწვევს ეს ბაზარზე. შეიძლება დადებითი პროცესბი გამოიწვიოს ისე, რომ არც “რუსთავი 2” დაზარალდეს და უფრო ჯანსაღი სიტუაცია შეიქმნას და შესაძლოა პირიქით: დაფრთხეს ბაზარი და დანაკარგებიც იყოს”, – ამბობს ჯანგირაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი