ახალი ამბები

ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

2 აგვისტო, 2019 • 821
ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვა 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

“რატომ იდებოდა კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზეო. ბიზნესის გარჩევა იყოო”, – ამბობს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, აბსურდული საქმეა, რადგან კონკრეტული ბიზნესის სპეციფიკა ირჩევა სისხლის სამართლებრივი წესით.

გვარამიას თქმით, კითხვები ძირითადად რ2-ის სამეწარმეო საქმიანობას ეხებოდა, ღრმად ფინანსურ თემებს, მათ შორის ისეთ საკითხებს, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

გვარამიას თქმით, რაც იცოდი და ახსოვდა, ყველაფერს პასუხი გასცა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყეს “რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე”.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები რუსთავის 2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერმედია“ და „ინტერმედია პლუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პოროკურატურაში საჩივარი მიმდინარე წლის ივლისში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე შეიტანა. ნიჟარაძემ, ისევე როგორც ტელეკომპანიის სხვა მეწილეებმა, ტელეკომპანიაში თავისი წილი სრულად დაკარგა სტრასბურგის 18 ივლისის გადაწყვეტილების შედეგად. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ძალაში დარჩა ქართული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

ნიკა გვარამია ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების მიერ მის მიმართ წარმოებულ დევნას უკავშირებს და ამბობს, რომ უდანაშაულოა, თუმცა დაკავებას არ გამორიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი