ინტერმედიის საქმეზე განცხადებით პაატა სალიამაც მოგვმართა – პროკურორი

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, სარეკლამო. სახლ ინტერმედიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დღეს ნიკა გვარამიას კითხავენ, ერთ-ერთ საფუძვლად პაატა სალიას განცხადებაც უდევს.

როგორც გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმეზე პროკურატურაში ორი განცხადებაა შესული: რ2-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის და არხის მოქმედი დირექტორ პაატა სალიასი.

“აღნიშნულ განცხადებებში საუბარია შესაძლო დანაშულებრივ ფაქტებზე და ამის საფუძველზე დაიწყო გამოძიება”, – თქვა პროკურორმა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყეს “რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე”.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები რუსთავის 2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერმედია“ და „ინტერმედია პლუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პოროკურატურაში საჩივარი მიმდინარე წლის ივლისში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე შეიტანა. ნიჟარაძემ, ისევე როგორც ტელეკომპანიის სხვა მეწილეებმა, ტელეკომპანიაში თავისი წილი სრულად დაკარგა სტრასბურგის 18 ივლისის გადაწყვეტილების შედეგად. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ძალაში დარჩა ქართული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

ნიკა გვარამია ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების მიერ მის მიმართ წარმოებულ დევნას უკავშირებს და ამბობს, რომ უდანაშაულოა, თუმცა დაკავებას არ გამორიცხავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com