მეცნიერთა ხელფასების ზრდაზე გუშინ, 5 თებერვალს კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა.
“მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250 პროცენტით გაიზარდა, ასევე შემუშავებულია მეცნიერულად დასაბუთებული გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები. უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დახმარებით მოხდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების გრძელვადიანი – ათწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება. ბოლო წლებში ჩვენს მეცნიერებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ დაფინანსება და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე გვაქვს მეცნიერულად დასაბუთებული გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები და, რაც მთავარია, მოვაწესრიგეთ სახელფასო პოლიტიკა ამ სფეროში – მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250 პროცენტით არის გაზრდილი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი მეცნიერები.