მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება.
კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ამერიკელ სენატორებს, მათ შორის ჯონ მაკკეინსა და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ კურტ ვოლკერს, აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება NDI-ის თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს იან ჯიეჩის, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს მიშელ ფლურნის და ცენტრის პრეზიდენტს რიჩარდ ფონტეინს, ასევე, KKR Global Institute-ის დირექტორ ვენს სერჩუკს და ჯო ლიბერმანს.
საქართველოს მთავრობის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მიწვეულია კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად ქალაქ მიუნხენის სახელით გამართულ მიღებაზეც. ასევე, ოფიციალურ სადილზე, რომელიც ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით იმართება.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 9 თებერვალს დატოვებს.