ახალი ამბები

“ეს არის მისი კეთილი ნება” – სალია ხალვაშის მიერ წილის შეთავაზებაზე

1 აგვისტო, 2019 • 1398
“ეს არის მისი კეთილი ნება” – სალია ხალვაშის მიერ წილის შეთავაზებაზე

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არხის დამფუძნებლებისთვის წილის 40%-ის შეთავაზება ქიბარ ხალვაშის მხრიდან კეთილი ნების გამოვლინება იყო.

სალიამ დღევანდელ ბრიფინგზე უპასუხა დავით დვალისა და ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომლებმაც ხალვაშის შეთავაზებაზე უარი თქვეს და ბიზნესმენთან მოლაპარკებები შეწყვიტეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შეცვალა ხალვაშმა პოზიცია და 50%-ის ნაცვლად დამფუძნებლებს დღეს 40%-ს რატომ სთავაზობს. პაატა სალია პასუხობს, რომ წილის მოცულობა გარკვეულ პერიოდში, სხვადასხვა შეხვედრების დროს შეიცვალა.

“ქიბარ ხალვაშმა მათ 40% შესთავაზა. ეს არის კომპანიაში საკმაოდ დიდი წილი. კონტროლის ბევრი მექანიზმი არსებობს და 40% -ის მფლობელს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. [50%-ის დაპირება] არ შეცვლილა, რადგან სხვადასხვა დროს საუბარი იყო… საბოლოოდ ქიბარ ხალვაშმა კეთილი ნება გამოიჩინა , რადგან მას არ აქვს არანაირი ვალდებულება თუნდაც 1% მაინც დაუთმოს ვინმეს. ეს ძალიან კარგად იციან მათაც [ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა]. ახლა ვისაუბროთ იმაზე უფრო მეტს რატომ არ მჩუქნი, მგონი, სწორია”, – აცხადებს სალია.

როგორც სალია ამბობს თუ აქიმიძე და დვალი შეთავაზებულ წილს დათანხმდებოდნენ, კომპანიის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული თანხის მიტანა მოუწევდათ. ამის მიზეზად სალია რუსთავი 2-ში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ დამფუძნებლებთან ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა, რადგან ისინი შეთავაზებულ წილს არ დათანმხდნენ.

“როდესაც მფლობელი წილს გადმოგცემს, ამას თან ახლავს გარკვეული ფინანსური ვალდებულებებიც. იცით, კომპანია რა მდგომარეობაშიც არის, შესაბამისად, გარკვეული ფინანსებია მოსაზიდი. აქ საუბარი წილის ყიდვაზე არ არის. როდესაც კომპანიას ფინანსური ვალდებულებები აქვს, როგორც წესი, პარტნიორები დამატებით ძალისხმევას მიმართავენ- ან საწესდებო კაპიტალს ავსებენ, ან მოაქვთ სესხი და ამით კომპანიის გაჯანსაღებაში მონაწილეობენ. ანუ თუ პარტნიორები ვართ, პარტნიორები უნდა ვიყოთ ყველა გაგებით. რამე კონკრეტული თანხა დასახელებული არ ყოფილა, თუმცა მათი მხრიდან ამაზე ლაპარაკი არ იყო. თქვეს, რომ 40% მათთვის მიუღებელი იყო,” – აცხადებს სალია.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშთან წილების საკითხზე მოლაპარაკებებს წყვეტენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს ჯარჯი აქიმიძემ დღეს, პირველ აგვისტოს გამართული ბრიფინგის შემდეგ განუცხადა.

აქიმიძის განმარტებით, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ხალვაშის შეთავაზება წილის 40%-თან დაკავშირებით. რ2-ის დამფუძნებლების პოზიციაა, რომ ამ წილით ისინი პროცესებზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებენ, ტელეკომპანიის სამთავრობო მედიის ჩამოყალიბების პროცესში კი, რისი ეჭვიც აქვთ, მონაწილეობას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი