ახალი ამბები

რკინიგზელების ახალი პროფკავშირი მორიგ საპროტესტო აქციებს აანონსებს

5 თებერვალი, 2015 •
რკინიგზელების ახალი პროფკავშირი მორიგ საპროტესტო აქციებს აანონსებს

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა აცხადებს, რომ გასული წლის დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს პროფკავშირების დამფუძნებლები – კახაბერ კახაძე და დავით ვაშაკიძე, ასევე, დასავლეთ საქართველოში მათი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მერაბ თარგამაძის მამა – თემურ თარგამაძე.

 

კახა კახაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გაფიცვის დასრულების მეორე დღესვე დაითხოვეს სამსახურიდან.

 

“გაფიცვის პერიოდში ამომაგდეს ცვლიდან, რადგან იცოდნენ, რომ გაფიცვაში ვმონაწილეობდი. შესაბამისად, ჩემი ცვლა შეიცვალა, თუმცა გაფიცვის დასრულების შემდეგ კვლავ მომთხოვეს ძველ ცვლაში დაბრუნება და მეორე დღესვე სამსახურში გამოცხადება. იმ დღეს ვერ მოვახერხებდი სამსახურში გამოცხადებას და მათ ეს იცოდნენ. მიუხედავად ჩემი თხოვნისა, სამსახურიდან მაინც გამათავისუფლეს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კახაძემ.

 

მერაბ თარგამაძის თქმით, იმის გამო, რომ ის გაფიცვაში მონაწილეობდა, რკინიგზის ადმინისტრაციამ ზეწოლა მამამისზე განახორციელა, რომელიც ასევე რკინიგზაში მუშაობდა. თარგამაძის განცხადებით, გაფიცვის შემდეგ მამამისი სამუშაოდ სამტრედიიდან ხაშურში გადაიყვანეს, რის გამოც იგი იძულებული გახდა სამსახურზე უარი ეთქვა.

 

ილია ლეჟავა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გაფიცვაში მონაწილეობის გამო ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელეს არც იმ თანაშრომლებს, რომლებიც გამოსაცდელი ვადით იყვნენ რკინიგზაში დასაქმებული.

 

,,საქართველოს რკინიგზის’’ პრესსამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია პროფკავშირის  წარმომადგენლების ბრალდებებს უარყოფს:

 

“13 000 კაცი მუშაობს რკინიგზაში. შეიძლება ვიღაც რაღაც ნიშნით გაათავისუფლონ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის პროფკავშირების წევრია. ბუნებრივია, ამ ნიშნით ჩვენ არავის არ ვათავისფულებთ,’’ – განაცხადა ცაგურიამ.

 

პროფკავშირების წარმომადგენლების კიდევ ერთი პრეტენზია იმ დაპირების შეუსრულებლობას ეხება, რომელიც საფუძვლად დაედო დეკემბერში გაფიცვის შეწყვეტას. ერთ-ერთი მოთხოვნა ეხებოდა მეცამეტე ხელფასს. ილია ლეჟავას თქმით, გაფიცვაში მონაწილე 6000 ადამიანს 9 დღის [ამ ხნის მანძილზე გრძელდებოდა გაფიცვა] ხელფასი დაუქვითეს.

 

“მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის ყველა თანამშრომელს დაერიცხა სახელფასო დანამატი 50%-ის ოდენობით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც არ მიიღეს გაფიცვაში მონაწილეობა, წახალისების სახით კიდევ ერთხელ დაურიგეს იმავე ოდენობის თანხა. გამოდის, მათ პრემიის სახით 100%-ის ოდენობის დანამატი აიღეს”, –  განაცხადა ლეჟავამ.

 

ის ფაქტი, რომ რკინიგზის თანამშრომლებს გაფიცვის გამო გაცდენილი დღეების ხელფასი დაუქვითეს, ცაგურიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ განაცდურის ანაზღაურებას მათ კანონი არ ავალდებულებს და ამაში გასაკვირი არაფერია:

 

“ადამიანები როდესაც არ მუშაობენ, ბუნებრივია, მათ ხელფასს არ ურიცხავენ. მთელ მსოფლიოში არის პრაქტიკა: როდესაც ასეთი მიზეზის გამო პროფკავშირის წევრები არ მუშაობენ, გაცდენილი დროის შესაბამის ხელფასს მათ პროფკავშირები უხდის. მე მათ მოვუწოდებ, მსოფლიოს ეს პრაქტიკა გამოიყენონ. რაც შეეხება სახელფასო დანამატს, პრემია ხელფასის 50%-ის ოდენობით ყველა თანამშრომელმა მიიღო”,  – განაცხადა ცაგურიამ.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ცნობით, მათ ზემოთ აღნიშნული პრობლემების თაობაზე უკვე მიმართეს სახალხო დამცველსა და პროკურატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი