ახალი ამბები

26 მაისის აღნიშვნაზე 6 მილიონ ლარზე მეტი ტენდერის გარეშე დაიხარჯა – TI

1 აგვისტო, 2019 • 1443
26 მაისის აღნიშვნაზე 6 მილიონ ლარზე მეტი  ტენდერის გარეშე  დაიხარჯა – TI

26 მაისის აღნიშვნაზე 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და ამ თანხის დიდი ნაწილი ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით აითვისეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, სულ დახარჯული 6.8 მილიონ ლარიდან 6.5 მლნ ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით დაიხარჯა და ტენდერი მხოლოდ რუსთავისა და თბილისის მერიებმა გამოაცხადეს.

“სადღესასწაულო  ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია უტენდერო, პირდაპირი შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი ძირითადად სახელდება გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დღესასწაულების თარიღები ყოველთვის დიდი ხნით ადრე არის ცნობილი, რადგან ყოველ წელს იგივე თარიღში იმართება, ცენტრალური ხელისუფლების უწყებები და მუნიციპალიტეტები მაინც ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება და დაჩქარებულად და, მით უმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ეს მიანიშნებს ტენდერების დაგეგმვის პროცესის სერიოზულ ჩავარდნაზე,, რაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება”, – აცხადებენ TI-ში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, პირდაპირი შესყიდვებიდან 277 268 ლარი დაიხარჯა მუსიკალური ნომრების შემსრულებლების ანაზღაურებაზე.

ამასთან, 26 მაისის ღონისძიებებისთვის 17-მა კომპანიამ ერთი ან რამდენიმე პირდაპირი შესყიდვით 100 ათას ლარზე მეტი მიიღო, რაც, ჯამში, 4.8 მლნ ლარია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს რეკომენდაციაა უწყებებმა და მუნიციპალიტეტებმა უკეთ ჩამოაყალიბონ შესყიდვების წლიური გეგმები, სადაც მინიმუმ რამდენიმე თვით ადრე იქნება ცნობილი, თუ რის შესყიდვას გეგმავენ 26 მაისის და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისათვის.

TI-ში მიაჩნით, რომ მთავრობა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მკაცრად უნდა მიუდგენენ სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პირდაპირ შესყიდვებზე თანხმობის გაცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი