რუსეთის სათათბირო დუმის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიმართვას “1920 წელს საქართველოს მხრიდან ოსების გენოციდის” აღიარების თაობაზე.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განუცხადა.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო მიმართვა რუსეთის ფედერაციისადმი, აღიაროს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების გენოციდი საქართველოს მხრიდან 1920 წელს.
“სახელმწიფო სათათბიროში ყურადღებით მოვეკიდეთ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის განცხადებას. საბჭოს უახლოეს სხდომაზე, რომელშიც შედიან დუმის ხელმძღვანელობა, ყველა ფრაქციის და კომიტეტების თავმჯდომარეები, განვიხილავთ ამ მიმართვას”, – განაცხადა ვოლოდინმა.
უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველო დაადანაშაულა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციასა და ოსი ხალხის გენოციდში.