ახალი ამბები

დვალი და აქიმიძე ხალვაშთან მოლაპარაკებას წყვეტენ

1 აგვისტო, 2019 • 1738
დვალი და აქიმიძე ხალვაშთან მოლაპარაკებას წყვეტენ

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშთან წილების საკითხზე მოლაპარაკებებს წყვეტენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს ჯარჯი აქიმიძემ განუცხადა დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ.

აქიმიძის განმარტებით, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ხალვაშის შეთავაზება წილის 40%-თან დაკავშირებით. რ2-ის დამფუძნებლების პოზიციაა, რომ ამ წილით ისინი პროცესებზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებენ, ტელეკომპანიის სამთავრობო მედიის ჩამოყალიბების პროცესში კი, რისი ეჭვიც აქვთ, მონაწილეობას არ აპირებენ.

“საქმე იმაშია, რომ გუშინ გაჟღერდა 40% და ქიბარის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ის გააგრძელებს ფიქრს, რას შემოგვთავაზებს და ა.შ.  ჩვენ უბრალოდ გვინდა გავუმარტივოთ მას ამ ფიქრის საშუალება და პირდაპირ გამოვაცხადოთ ყველას წინაშე სახალხოდ და საჯაროდ, რომ არანაირ შემოთავაზებას არ მივიღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვთვლით, ყველანაირი შემოთავაზება ვაჭრობას დაემსგავსება და ვაჭრობაში ჩვენ მონაწილეობა არ გვინდა. ჩვენ აბსოლუტურად სხვა გზა ავირჩიეთ”, – განაცხადა აქიმიძემ ნეტგაზეთთან.

“ჩვენ ვწყვეტთ ყველანაირ მოლაპარაკებას. გვგონია, რომ ყველანაირი მოლაპარაკება იქნება მცდელობა, რომ ჩვენ შეგვითრიონ იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია რ2-ის სახელმწიფო დამსჯელ მანქანად ჩამოყალიბება ან სხვა პროცესები, გაკოტრება და ა.შ.  პარალელურად არ გვინდა ჩვენი საშუალებით მოხდეს სამართლის აღდგენის აფიშირება და იმის თქმა, რომ თითქოს ჩვენი დარღვეული უფლებები აღიარებულია”, – გვითხრა აქიმიძემ.

“2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს ჩვენთვის „რუსთავი 2-ის“ 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის დასტურია”, – ამის შესახებ ნათქვამია რ2-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მათ ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.

სრულად დვალი აქიმიძის ბრიფინგსა და ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:

ცოტა ხნის წინ ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს რ2-ის წილის 40% შესთავაზა, რაზეც ამ უკანასკნელებმა უარი თქვეს. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ მათ 60% და, შესაბამისად, საკონტროლო პაკეტი წაართვეს თავის დროზე.

“ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულებად გვცნო, თუმცა საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული.

ბოლოდროინდელი შეთავაზების მიღება კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას.

ამ შემოთავაზებას წინ უძღოდა და ახლაც ფონად გასდევს ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფოს სრული მობილიზება სხვადასხვა ფორმით”, – აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

განცხადების მიხედვით, მათთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზიის წართმევიდან მე-15 და სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული გუნდის მმართველობის მეშვიდე წელს, ხელისუფლება ყველა ხერხით, მათ შორის სამთავრობო ტროლების და ბოტების არნახული გააქტიურების გზით, აბსურდულ ბრალდებებს გაუვრცელებდა, ბოიკოტს გამოუცხადებდა საპარლამენტო მოსმენას და უმადურებად გამოაცხადებდა, რადგან არ იღებენ „დიდსულოვნად“ ნაბოძებ საჩუქარს, ანუ 40%-ს.

“სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, ჩვენ არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი 2-ის“ კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში.  ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა. „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2-ის“ მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

ჩვენი მიზანია წართმეული უფლების აღდგენა სამართლებლივი გზით და არა კულუარული გარიგების შედეგად. სახელმწიფო ჩვენ მიმართ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს, რომლის მიხედვითაც ყველას, ვისი ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც ირღვევა, აქვს ეფექტიანი ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებდნენ”, – აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

შესაბამისად, მათი თქმით, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის დაბრუნება მისი დაფუძნებლებისთვის.

“ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2-მა“ დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია”, – აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი