ახალი ამბები

ფრეგოს დამფუძნებელი დააკავეს

1 აგვისტო, 2019 • 1759
ფრეგოს დამფუძნებელი დააკავეს

ფრეგოს დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი დააკავეს. ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ თოფჩიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 ივლისს შეუფარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თოფჩიშვილმა კომპანიის სხვა წარმომადგენელთან ერთად ბიუჯეტი 2 მლნ ლარზე მეტით აზარალა.

“2019 წლის 27 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ. რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების – შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმის“ საქმიანობას.

გ.თ. და ვ.ყ. დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომლებმაც დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, უცხოეთიდან საქართველოში „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის სახელით შემოტანილი განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების (ინვოისების) გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რომელმაც განაბაჟა (ყალბი აქტივიდან გადახდილად აჩვენა აქციზის და დღგ-ს გადასახადი) და შემდგომში მიწოდებულად აჩვენა შპს „ფრეგოზე“ და შპს „გლობალბითუმზე“, რითიც ამ უკანასკნელმა კომპანიებმა თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს.

საერთო ჯამში, გ.თ-სა და ვ.ყ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 837 683 ლარს.

2019 წლის 29 ივლისს, გ.თ-ს და ვ.ყ-ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი