ახალი ამბები

“რამშტაინის” წევრების კოცნა მოსკოვის კონცერტზე და მხარდაჭერა ლგბტ ადამიანებს

31 ივლისი, 2019 • 1759
“რამშტაინის” წევრების კოცნა მოსკოვის კონცერტზე და მხარდაჭერა ლგბტ ადამიანებს

გერმანული მუსიკალური ჯგუფის, “რამშტაინის” წევრებმა მოსკოვში მიმდინარე კონცერტზე ერთმანეთს აკოცეს. ეს სიმბოლური ჟესტი იყო ლგბტ ადამიანების მიმართ რუსეთის მტრული კანონმდებლობისა და ქვეყანაში თემის წევრთა მდგომარეობის გასაპროტესტებლად.

რუსეთის დედაქალაქში, ლუჟნიკის სტადიონზე მიმდინარე კონცერტისას ჯგუფი თავის ერთ-ერთ სიმღერას, “Auslander”-ს ასრულებდა, როცა გიტარისტებმა – პაულ ლანდერსმა და რიხარდ კრუსპემ – ერთმანეთს აკოცეს. მომენტის ამსახველი ფოტო “რამშტაინმა” სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, წარწერით “რუსეთო, გვიყვარხარ!”

 

View this post on Instagram

 

Россия, мы любим тебя! Photos: @jenskochphoto

A post shared by Rammstein (@rammsteinofficial) on

რუსეთის კანონმდებლობა ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია. 2013 წელს მიიღეს კანონი “გეი პროპაგანდის” წინააღმდეგ, რომელიც შემზღუდავ გარემოს ქმნის. ამასთან, აქტივისტებმა და დამოუკიდებელმა მედიამ რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობები ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების მასობრივი დაკავებების, წამებისა და მკვლელობების შესახებ.

ამ ფონზე, “ლევადა ცენტრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლგბტ ადამიანების თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეთა დადებითი განწყობა რეკორდულ ნიშნულზეა. გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ გეებსა და ლესბოსელებს ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორიც სხვა ადამიანებს აქვთ. 43%-ს ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს.

ზემოაღნიშნული კოცნა არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯგუფ “რამშტაინის” წევრები ლგბტ თემის მიმართ მხარდაჭერას სცენიდან გამოხატავენ. გასულ კვირას, პოლონეთში მიმდინარე კონცერტის დროს, კრისტოფ შნაიდერმა ლგბტ დროშა ააფრიალა, შემდგომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შესაბამის პოსტში კი დაწერა: “თანაბარი უფლებები ყველასათვის!” “რამშტაინის” კონცერტს წინ უძღოდა დისკრიმინაციული და ძალადობრივი აქტივობები პოლონეთის ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ. მათ შორის იყო ლგბტ მარშზე ექსტრემისტთა ჯგუფის თავდასხმა ქალაქ ბიალისტოკში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი