ახალი ამბები

თალაკვაძე: ცინარიძის საკითხი, როგორც ასეთი, საკითხად არ არსებობს, როგორც დარეგისტრირებული

4 თებერვალი, 2015 •
თალაკვაძე: ცინარიძის საკითხი, როგორც ასეთი, საკითხად არ არსებობს, როგორც დარეგისტრირებული

„ცინარიძის საკითხი, როგორც ასეთი, საკითხად არ არსებობს, როგორც დარეგისტრირებული. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. დარჩენილია მხოლოდ ის, რომ გავასაჯაროოთ გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგები, რომელიც როგორც კი დასრულდება, უახლოეს მომავალში აუცილებლად იქნება საზოგადოებისთის ხელმისაწვდომი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გასაჯაროვდა ვიდეომასალები, რომლებიც ასახავს მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილსა და პატრულის თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს. კერძოდ, პატრული ცდილობს მოქალაქის დაჯარიმებას, რაზეც ყუშიტაშვილი პასუხობს, რომ ის არის დავით ცინარიძის (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი) ახლობელი, რეკავს მასთან ტელეფონზე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს პატრულის თანამშრომლებს. ენმ-ს ცნობით, ამ შემთხვევის შემდეგ დაითხოვეს პატრულის თანამშრომელი გიორგი ჯღარკავა. 

 

ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ყუშიტაშვილმა განაცხადა, რომ ის არ იცნობდა დავით ცინარიძეს და მასთან არ დაურეკავს, თუმცა მოგვიანებით ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედის კვირას” მისცა ინტერვიუ, სადაც აღიარა, რომ ცინარიძეს იცნობდა და სწორედ მასთან რეკავდა ტელეფონზე, თუმცა იმავე გადაცემაში სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ისევ უარყო მასთან ნაცნობობა. ამავე გადაცემაში გიორგი ჯღარკავამ განაცხადა, რომ პირადი პატაკის საფუძველზე წავიდა სამსახურიდან, ხოლო გასულ პარასკევს კი ისევ აღადგინეს სამსახურში.

 

“მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია მესამე პირების ხელში, მაგრამ ეს არ არის ცინარიძის შემთხვევა, ეს არის ამ ინფორმაციის დაცულობის საკითხი. რამდენადაც ვიცი, ჯარიმები ამ ადამიანს აქვს გადახდილი არაერთი და ასევე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც დაჯარიმებულია სხვადასხვა შემთხევებში, არის მოვალეთა რეესტრში, მაგალითად, იმის გამო, რომ ისინი ვერ იხდიან ამ გადასახადებს, ან არ იხდიან ამ გადასახადებს. ასე რომ, ამ შემთხვევაში ამ ერთი კონკრეტული მოქალაქის ამბავი, ჩემი აზრით, ვერ ჩაითვლება, რომ ის განსაკუთრებულად თავს არიდებდა გადასახადების გადახდას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი