ახალი ამბები

ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგის”თანამშრომლები გაიფიცნენ

31 ივლისი, 2019 • 2849
ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგის”თანამშრომლები გაიფიცნენ

ონლაინ კაზინო “ევოლუშენ გეიმინგის” თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების ზრდას და მათი თქმით, უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. 

გაფიცულებს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. მათი წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, გაფიცულთა მინიმალური ხელფასი 384 ლარია და ზრდას 50%-ით ითხოვენ. პროფკავშირების ცნობით, გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი.

როგორც დიასამიძე გვეუბნება, რაც თანამშრომლებში საპროტესტო მუხტი გამოვლინდა და მათ მიერ დღის წესრიგში დადგა შესაბამისი მოთხოვნა ხელფასის გაზრდის შესახებ, კომპანიიდან უკანონოდ გაათავისუფლეს 10-მდე ადამიანი. 

“თითოეული თანამშრომელი ახლა ფიქრობს, რომ შეიძლება ხვალ რომელიმე მათგანი გაათავისუფლონ. ამიტომ ისინი ცდილობენ დაცვის მექანიზმების მოპოვებას, რაც კანონმდებლობის შესაბამისად ეკუთვნით კიდეც”, – უთხრა ნეტგაზეთს დიასამიძემ.

კომპანია “ევოლუშენ გეიმინგში” აცხადებენ, რომ მზად არიან გაფიცულებთან დიალოგისთვის, რათა კონსტრუქციულად გადაიჭრას პრობლემა.

ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია კონსტრუქციული განხილვისათვის და გვჯერა, რომ ის აზრთა სხვადასხვაობა, რაც შეიძლება არსებობდეს კომპანიასა და თანამშრომლების გარკვეულ რაოდენობას შორის, შესაძლებელია, გადაიჭრას დიალოგისა და კომუნიკაციის გზით. ჩვენ, ბუნებრივია, პატივს ვცემთ ჩვენი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას, მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, თუმცა აუცილებელია, რომ ყველა მსგავსი აქტივობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდეს”, – ასეთია კომპანიის ოფიციალური პოზიცია. 

საპროტესტო აქცია გაფიცულებმა “ევოლუშენ გეიმინგის” წინ გუშინ საღამოს გამართეს და მათი თქმით,  მიტინგი დღესაც განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი