ახალი ამბები

თუშეთის გზაზე დაღუპული მეშვიდე მგზავრის ცხედარიც იპოვეს

31 ივლისი, 2019 • 606
თუშეთის გზაზე დაღუპული მეშვიდე მგზავრის ცხედარიც იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მდინარე სტორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სამაშველო- საძიებო ოპერაცია დასრულებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხეობაში ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი  მოქალაქეების სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მაშველებმა შეძლეს ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამის უვნებლად ამოყვანა ხეობიდან, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთე არ ემუქრება. ექვსი გარდაცვლილის წყლიდან ამოყვანა პირველივე დღეებში მოხერხდა. შემდეგ ეტაპზე სპეცტექნიკის დახმარებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოიტანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ მყვინთავებიც.  ღამის განმავლობაში მდინარე სტორის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა. პარალელურად, სამაშველო ჯგუფები აწარმოებდნენ კალაპოტის  4-კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალურ დათვალიერებას”, – აცხადებენ უწყებაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი