ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

კონფლიქტი, რომელიც ისტორიით ცოცხლობს

31 ივლისი, 2019 •
კონფლიქტი, რომელიც ისტორიით ცოცხლობს

ავტორი: ზურა წურწუმია, მედიევისტი, ისტორიის მაგისტრი


2015 წელს სოხუმში აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ისტორიის სახელმძღვანელო გამოიცა: „აფხაზეთის ისტორია, უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ (მეორე გამოცემა). სახელმძღვანელო განკუთვნილია მე-11-12 კლასებისთვის. ავტორები კი არიან ისტორიკოსები- ოლეგ ბღაჟბა და სტანისლავ ლაკობა.

როგორც წესი, აუცილებელი არ არის, განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ისტორიის სახელმძღვანელოები ყველა იმ თეორიასა თუ დისკუსიას ასახავდეს, რომელსაც სხვადასხვა ისტორიკოსის ნაშრომში ვხედავთ. ამის ნაცვლად ის გვიჩვენებს, თუ რაზეა შეთანხმებული ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტა და ისტორიის როგორი ხედვა/ანალიზია დომინანტი.

სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაშივე ვკითხულობთ: „სახელმძღვანელოს საფუძვლად უდევს ისტორიულ-კულტურული კონცეფცია, რომლის მიზანია აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობის – აფხაზების ისტორიის განხილვა არა იზოლირებულად, არამედ სხვა ერებთან და ძველ ცივილიზაციებთან უერთიერთობაში.“ თუმცა, საკმარისია გადავხედოთ თუნდაც ცალკე გამოყოფილი ქვეთავების სათაურებს, რომ ნათელი ხდება, ისტორიულ-კუტლურული კონცეფცია მიზნად ისახავს აფხაზეთის ისტორიის განხილვას ფორმულით – ყველა, მინუს საქართველო/ქართველები. ამავე დროს, აფხაზეთი ექსკლუზიურად მხოლოდ აფხაზების მხარეა, აფხაზეთის ისტორია კი – მხოლოდ აფხაზების ისტორია.

ისტორიის თხრობა იწყება აფხაზი ერის წარმოშობით. პირველ თავში ვხვდებით შემდეგ ცალკე გამოყოფილ საკითხებს: სკვითები და ძველი აფხაზები, ბერძნული კოლონიზაცია და ანტიკური აფხაზეთი, გოთები და აფხაზები; მეორე თავში: აფხაზეთი და ალანია პირველ ათასწლეულში, აფხაზეთი და სომხეთი პირველ ათასწლეულში, გენუელები და სხვა იტალიელები აფხაზეთში, აფხაზთა სამთავრო და თურქეთი. მეორე თავით სრულდება შუა საუკუნეების აფხაზეთის ისტორიით.

ბუნებრივია, ქართველებთან ურთიერთობას თავს ვერ აარიდებს აფხაზეთის თემაზე მომუშავე ისტორიკოსი, მით უფრო, ისტორიის სახელმძღვანელო. მაგრამ ამ სახელმძღვანელოში  ყურადღებას იქცევს ქართველების, ან ქართული სამეფოების, კულტურის როლის და მნიშვნელობის შეფასება. ამას ნათლად აჩვენებს XI-XIII საუკუნის ამბების მიმოხილვა. აფხაზებისთვის ეს არის „აფხაზთა სამეფოს (Царство Абхазов)“ ისტორია, მაშინ როცა ჩვენ, ქართველები იმავე პერიოდს ვსწავლობთ, როგორც „ერთიანი საქართველოს ისტორიას“.

პრობლემები, რასაც თანამედროვე აფხაზური ისტორიოგრაფია აწყდება, გამოწვეულია, ერთი მხრივ, თანამედროვე პოლიტიკური რეალობებით, მეორე მხრივ კი, ისტორიის ეთნოცენტრული გაგებით. სულ მცირე, არასწორია, როდესაც XX-XXI საუკუნისთვის გასაგები ეთნიკური ნაციონალიზმიდან ვაფასებთ შუა საუკუნეებს, ფეოდალურ საზოგადოებებს. როგორც კი თანამედროვე ეთნიკურ მარკერებს გამოვიყენებთ იმ პერიოდის ანალიზისას, მუდმივად წავაწყდებით პრობლემებს. ამას ყველაზე მეტად ალბათ ისევ ისტორიკოსები ამჩნევენ. როდესაც დღეს ვამბობთ „აფხაზს“ ან „ქართველს“, ჩვენ ეთნიკურ კუთვნილებას ვგულისხმობთ. მაგრამ როდესაც ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ იმავე სიტყვებს, ის აუცილებლად ეთნიკურ კუთვნილებას არ ნიშნავს. შუა საუკუნეების ადამიანის, საზოგადოების იდენტობის მარკერები უფრო მეტად რელიგიური, პოლიტიკური ანდა კულტურულია, ვიდრე – ეთნიკური.

ეს ეთნოცენტურლი ისტორიოგრაფია აფხაზი ისტორიკოსების მოგონილი და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი არ არის. მსგავსებებს ჩვენთანაც შევამჩნევთ: საქართველოს ისტორია, როგორც ქართველების ისტორია; ისტორიის რეგიონული თუ საერთაშორისო კონტექსტიდან ამოვარდნილი სწავლება; საქართველოს გამუდმებით ხან რუსეთისკენ, ხანაც დასავლეთისკენ დაუღალავი მსვლელობის კუთხით დანახვა… სია შესაძლოა გაგრძელდეს.

მიზეზი ამ მსგავსებებისა შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენთანაც ისტორია, როგორც მეცნიერება, დღემდე რჩება ხან რელიგიის, ხანაც პოლიტიკის მსახურად და მისი მთავარი ფუნქცია მათთვის ისტორიული არგუმენტის სახით იდეოლოგიური საფუძვლის მომზადებაა. თითქოს ისტორიის შემოთავაზებული მოდელი რაღაცის თქმას ემსახურება, და ეს „რაღაც“ ნაკლებად არის მეცნიერებასთან დაკავშირებული. ეს „რაღაც“ თავის დროზე რუსეთთან საუკუნოვანი მეგობრობის დამადასტურებელი საბუთი იყო, ხანაც ქართველების უძველესობის, აფხაზებისა და ოსების მეორეხარისხოვან საზოგადოებებად მიჩნევის საბუთი . დღეს კიდევ ახალი ნარატივები და მიზნები იქმნება და თუ ისტორიამ არ გაითავისუფლა თავი, უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ისტორიის ნაცვლად მხატვრული ლიტერატურა შეგვრჩება ხელში.

ისტორია, როგორც მეცნიერება, დღემდე იდეოლოგიური მუშაკია. დიახ, ეს მეცნიერება არასდროს გახდება ზუსტი, როგორც ფიზიკა ან მათემატიკა,  მაგრამ მას აქვს კვლევის მეთოდები, პრინციპები, რის გამოც მას  მეცნიერებად მივიჩნევთ. პოლიტიკოსები თავისი ნებით არ „გაათავისუფლებენ“ ისტორიას. ეს ისტორიკოსების ვალდებულებაა, პირველ რიგში. მათ უნდა იხელმძღანელონ მეცნიერული ცნობისმოყვარეობით და არა პარტიული, ან თუნდაც სახელმწიფოებრივი დავალებით.

განვითარებული დასავლეთი დღეს ამ კუთხითაც განვითარებულია. ჩვენი სურვილი, რომ ჩვენივე ისტორია მათაც გაიგონ, გაიაზრონ და, რაც მთავარია, გაიზიარონ, დაბრკოლებებს წააწყდება, რადგან ევროპელი თუ ამერიკელი მეცნიერისთვის უცხოა ის ენა, რითიც ჩვენ (ქართველები და აფხაზებიც) უმეტესწილად ვიკვლევთ ისტორიას. ეს ენა მათთვის არამეცნიერულია.

ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას აფხაზ ისტორიკოსებსა და მათ ნაშრომებზე. მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია დავძლიოთ ეთნიკური ნაციონალიზმის, პოლიტიკის, რელიგიისა და სხვა იდეოლოგიების გავლენა მეცნიერებაზე და ისტორიის კვლევა ავიყვანოთ ახალ, თანამედროვე დონეზე. ვიკვლიოთ და ვწეროთ იმ ენაზე, რომელიც გასაგებია თანამედროვე მეცნიერისთვის, საზოგადოებისთვის. სხვა მხრივ, ეს გაუთავებელი დავა იმაზე, თუ ვინ, სად, როდის დასახლდა და, შესაბამისად, ვის რა უფლებები აქვს აფხაზეთში, სრულიად აზრს კარგავს. ამგვარ მსჯელობას აზრი უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს, რადგანაც თანამედროვე საზოგადოებისთვის სრულიად გაუგებარია მსგავსი დისკუსიები.

აფხაზეთში ცხოვრების, განვითარების უფლება თანაბრად აქვს ყველას, ვინც ომამდე იქ ცხოვრობდა, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა თუ  გვარის წარმომავლობისა. ასევე, ადამიანები  თავისუფლები არიან აირჩიონ თავიანთი იდენტობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგალითისთვის, იყოს აფხაზი, აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამაზ გოგიას თავისუფალი არჩევანია, ისევე როგორც გალის მოსახლეობის თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს, მიიჩნიონ თავი ქართველებად, ისწავლონ ქართული და მათი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა აწყდებოდნენ საკუთრებასთან, განათლებისა თუ თავისუფალი მიმოსვლის უფლებასთან დაკავშირებულ ხელოვნურ პრობლემებს. მით უფრო ტრაგიკულად და არქაულად ჩანს დე ფაქტო მთავრობის მცდელობა „გაახსენონ“ გალის ქართველობას, რომ ისინი სინამდვილეში აფხაზები არიან და ამით აღადგინონ ე.წ ისტორიული სამართლიანობა.

ისტორიულ სამართლიანობაზე, როგორც წესი, უპერსპექტივო ან გაკოტრებული პოლიტიკოსები საუბრობენ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არ აქვთ პროგრესული ხედვა, და არ აქვთ უნარი თავიანთ საზოგადოებას რაიმე ღირებული შესთავაზონ კონფლიქტის მოგვარების, საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით. ასეთი პოლიტიკოსებით ორივე საზოგადოება განებივრებულები ვართ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტებში , გარკვეულწილად,  თაობათა ცვლა მოხდა. დისკურსი „ვინ უფრო ადრე დასახლდა“ შეიცვალა და ამგვარი მსჯელობა აღარ ისმის მაღალი ტრიბუნებიდან. ამის ნაცვლად ისმის რეინტეგრაციისა და თანაცხოვრების, თანასწორობის იდეები. სამწუხაროდ, ამ მხრივ აფხაზური საზოგადოება ჩამოგვრჩება, რადგან იქ ომის ვეტერანი თაობა დღემდე დომინანტია და სწორედ ის ქმნის ნარატივს. სხვა ჯგუფებს ან გამბედაობა არ ჰყოფნით, ან ვერ ქმნიან ალტერნატიულ ნარატივებს. ასეთ პირობებში კი ისტორია კვლავ განაგრძობს იდეოლოგიურ მუშაობას: დღევანდელობის გამართლებისთვის გასულ საუკუნეებს ახსენებს საზოგადოებას.

ისტორია, როგორც მეცნიერება, იდეოლოგიურ საკვებს უმზადებს ამ კონფლიქტებს და ის ამ ნეგატიურ ფუნქციას შეასრულებს მანამ, სანამ არ გათავისუფლდება ნაციონალიზმისა და პოლიტიკური გავლენებისგან.  მეცნიერული დისკურსი უნდა დაუბრუნდეს სამეცნიერო ჩარჩოებს, ხოლო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ელიტებმა უნდა შეწყვიტონ წარსულში ქექვა, შეხედონ დღევანდელ პრობლემებს და მათ გადაჭრაზე იფიქრონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი