ახალი ამბები

დავითგარეჯის საკითხზე 19-23 აგვისტოს ექსპერტების I შეხვედრა გაიმართება

30 ივლისი, 2019 • 1083
დავითგარეჯის საკითხზე 19-23 აგვისტოს ექსპერტების I შეხვედრა გაიმართება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მუშაობის ფარგლებში, 19-23 აგვისტოს ექსპერტების პირველი შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.

“მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს სწორედ კომისიის ფორმატში და ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის, ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში წყდებოდეს”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება დავითგარეჯში დღეს არსებულ ვითარებას, დარსალია ადასტურებს ინფორმაციას, რომ უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია და მრევლისა და ტურისტების გადაადგილების  ხელახალ შეზღუდვას 14 ივლისის ინციდენტს უკავშირებს, როდესაც ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეებს შორის დაპირსიპირებას.

“დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა. ამის პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ ინციდენტამდე ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა”, – განაცხადა დარსალიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით.

“საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. ამ პროცესების პარალელურად, დაუშვებელია ვითარების ხელოვნურად დაძაბვა. მსგავსი ინციდენტები აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ ორმხრივ კომისიას ნორმალურ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა შესაძლებელი იყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად”, – განაცხადა დარსალიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი