ხაჟალიას განცხადებით, ბრალის დადგენილებაშიც იგივე წერია, რაც იყო სასამართლოს დადგენილებაში ამ პირთა დაკავების თაობაზე. ადვოკატის ცნობით, ბრალდების დადგენილებას ხელი არ მოაწერა ირაკლი ფირცხალავამ, რომელსაც ბრალად ედება ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ორგანიზება. ამ საქმეზე დაკავებულია კიდევ 10 პირი. ხაჟალიას ცნობით, ფირცხალავამ 150 მოწმეს შორის ამოიცნო მისი ყოფილი თანამშრომლები, როცა კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა.
პროკურატურას ჯერ ოფიციალური განცხადება ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია და, შესაბამისად, არც ის არის ცნობილი, თუ როდის მიმართავს საგამოძიებო უწყება სასამართლოს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსადნრე ხუბულოვი. გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მკვლელობა დაგეგმა ირაკლი ფირცხალავამ, მისი ძმის დაკავების გამო ალექსანდრე ხუბულოვზე შურისძიების მიზნით. პროკურატურამ გუშინვე ამ საქმეზე, ჯამში, 11 პირი დააკავა, ყველა მათგანი პოლიციის თანამშრომელი იყო.