ახალი ამბები

ციმბირში 2.6 მლნ ჰა ტყე იწვის, ხანძრის ჩაქრობაზე შეზღუდული რესურსები იხარჯება

30 ივლისი, 2019 • 2272
ციმბირში 2.6 მლნ ჰა ტყე იწვის, ხანძრის ჩაქრობაზე შეზღუდული რესურსები იხარჯება

კრასნორიარსკის მხარეში, ირკუტსკსა და ნაწილობრივ ბურიატებში ტყის ხანძრების გამო საგანგებო სიტუაცია შემოიღეს. ამ დროისთვის საგანგებო ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი მოქმედებს 24 რაიონში,  ნაწილობრივ საგანგებო რეჟიმი კი – 23-ში.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ციმბირში რამდენიმედღიანი ხანძრის შემდეგ, 29 ივლისს, საღამოს მიიღო.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის კერები და ფართობი იზრდება, კვამლი ციმბირის სხვა რეგიონებს,  შორეულ აღმოსავლეთს და ყაზახეთსაც მოედო.

პლატფორმაზე Change.org 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისა და  ხანძარსაწინააღმდეგო ზომების გაძლიერების მოთხოვნით.

“ავიალესოხრანის” ინფორმაციით, ამ სამ რეგიონში სატყეო ხანძრის ფართობმა 2.6 მლნ ჰექტარს გადააჭარბა. ტყე იწვის ძირითადად ძნელად მისადგომ რაიონებში. “ინტერფაქსის” ინფორმაციით, მაღალჩინოსენები აღიარებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ხანძარს საერთოდ არ აქრობენ, რადგან მის ჩაქრობაზე დახარჯული რესურსი ათჯერ აღემატებოდა მიყენებულ ზიანს.

ამ პოზიციას იზიარებს კრასნორიარსკის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე უსი, რომელმაც რეგიონში შექმნილ სიტუაციას უწოდა რთული, მაგრამ არა კრიტიკული და განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში ხანძრები ზნელად მისადგომ ადგილებში ბუნებრივად – წვიმის შედეგად ქრება. მისი თქმით, თვითმფრინავი МЧС Бе-200 ათი ტონა წყლით პრობლემას ვერ გადაჭრის, მის მუშაობაზე გაწეული დანაკარგი კი “უზარმაზარი” იქნება.

“ზამთარში თუ ჩვენთან ცივა და ქარბუქია, ხომ არავის მოსდის თავში აზრად აისბერგები გაალღოს, რათა უფრო დათბეს? იგივეა, ვფიქრობ, ტყის ხანძრებთან მიმართებაში. საქმე ხელისუფლებას არ ეხება, საქმე გვაქვს ბუნებრივ მოვლენასთან, რომელთან ბრძოლაც უაზროა, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება – საზიანოც”, – ციტირებს გუნერნატორს НТВ.

გუშინ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ევგენი ზინიჩევმა მიიღო გადაწყვეტილება მაშველებისა და ხანძარსაწინააღმეგო ზომების გაზრდის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი