ახალი ამბები

მიტროპოლიტის კრიტიკის შემდეგ ლენტეხში შესაძლოა დალის ქანდაკება აღარ დაიდგას

29 ივლისი, 2019 • 6964
მიტროპოლიტის კრიტიკის შემდეგ ლენტეხში შესაძლოა დალის ქანდაკება აღარ დაიდგას

ლენტეხში, შადრევანზე ქართული მითოლოგიის პერსონაჟის, ნადირობის ქალღმერთ დალის ქანდაკების დადგმა იგეგმებოდა, თუმცა ეს იდეა არ მოსწონს მიტროპოლიტ სტეფანეს . სასულიერო პირი ამბობს, რომ მსგავსი მონუმენტი კერპია. მერიაში  განმარტავენ, რომ მიუხედავად დასრულებული ტენდერისა, ესკიზი კორექტირებას გაივლის და იქნება “ეკლესიურადაც კარგი და ხალხისთვისაც კარგი“.

ინფორმაცია თავდაპირველად kutaispost-მა გაავრცელა.

მუნიციპალიტეტმა ქალაქის ცენტრში შადრევნის განთავსებაზე 188 417 – ლარიანი ტენდერი ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა. ის მოიგო კომპანია შპს “დეკორაციების და ქანდაკებების სახლმა“ და წარადგინა შესაბამისი რენდერები, რომლის მიხედვითაც, ქანდაკება უნდა ყოფილიყო ასეთი:

დოკუმენტაციაში, რომელიც კომპანიამ ტენდერს თან დაურთო, ვკითხულობთ:

“პროექტით შადრევანი წარმოადგენს დინამიკური სახის ჰოდროსისტემას, რომელშიც წყლის ჭავლები მიყოლებით მოქმედებს ქვემოდან ზემოთ. აუზი მრგვალია და 6 მეტრის დიამეტრისაა. კედელთან 0,3 მეტრის მანძილზე კედლის რკალის ფორმის იდენტური წყლის მილების კოლექტორებია განლაგებული, რომლებიდანაც საფრქვევების საშუალებით იქმნება წყლის ვერტიკალური ჭავლები.

ნაგებობის ცენტრში განთავსებულია იმიტირებულ კლდის ლოდზე მდგარი მითიურ ქალღმერთ დალის ქანდაკება, რომლის ახლოს ასევე დგანან ცაში მომზირალი ჯიხვები.  არქიტექტურული კომპოზიციის მაქსიმალური სიმაღლე 3.80 მეტრია და სრულად დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიესტერისგან. პოლიესტერის საორიენტაციო რაოდენობაა 450.00 კგ (საყალიბე მასალის გათვალისწინებით)“.

თუმცა ეს იდეა არ მოსწონს მიტროპოლიტ სტეფანეს, რომელიც ნეტგაზეთთან საუბარში მიიჩნევს, რომ დალის ქანდაკების დადგმა კერპთაყვანისმცემლობაა. მიტროპოლიტმა თავისი პოზიცია მერიასაც გაუზიარა, თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა.

სასულიერო პირმა განმარტა, რომ ხვალ გაავრცელებს წერილს, სადაც დეტალურად ახსნის თავის სიტყვებს, ჩვენ კი გვითხრა:

“[მერიასთან] კონსულტაციები კი არ მქონდა, მე ჩემი აზრი ვუთხარი. კი არ ვეწინააღმდეგები, მე ქრისტიანებისთვის ზოგადად მიუღებლად მიმაჩნია ეს საკითხი… იმიტომ, რომ თუ ქრისტიანი ხარ, მაშინ შენ კერპთაყვანისმცემელი არ ხარ და თუ კერპთაყვანისმცემელი არ ხარ, მაშინ შეიძლება სხვა რაღაც იყო, მაგრამ ქრისტიანი არ შეიძლება იყოს კერპთაყვანისმცემელი. დანარჩენი წერილობით იქნება ყველაფერი“, – ამბობს ნეტგაზეთთან მიტროპოლიტი სტეფანე.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა ლენტეხის მერს, ბადრი ლიპარტელიანს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ დროისთვის სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა აუცილებლად გაგრძელდება.

“უნდა დადგმულიყო, მაგრამ სამუშაოები დროებით გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა, თუმცა მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება. შესაძლოა, მონუმენტის ესკიზში მცირედი კორექტირება შევიტანოთ. ვნახოთ, ეს კორექტირება როგორ წავა. ჯერჯერობით არ ვიცით, დალის ქანდაკება დაიდგმება თუ არა, ჩვენ ეს თემა მეუფესთან გავიარეთ. მეუფეს მაინცდამაინც არ უთქვამს, რომ არ გააკეთოთო, თქვა, რომ სჯობია გავითვალისწინოთ, ეკლესიურად როგორ არის… და როგორც საქმისთვის სჯობია, ამას გავაკეთებთ.

ვნახავთ, როგორ წავა კორექტირება. ყოველი შემთხვევისთვის, გვინდა, რომ იყოს  ეკლესიურადაც კარგი და მრევლისთვისაც კარგი. ასე რომ, ამ თემაზე პრობლემა არ შეიქმნა“, – ამბობს ბადრი ლიპარტელიანი.

მერი ამბობს, რომ მიტროპოლიტის თქმით, ქანდაკება წარმართული კერპია, თუმცა მას ხისტი პოზიცია არ ჰქონია:

“პატიოსნად, კულტურულად აგვიხსნა, თუ როგორია სიტუაცია… აჯობებს თქვენ გადაწყვიტოთ და მოიფიქროთ – როგორ აჯობებს, ეკლესურად, ხალხისთვის, მართლმადიდებლურად და ისე მოვაგვაროთ ეს თემაო”, – განმარტავს მერი.

ბადრი ლიპარტელიანი ამბობს, რომ სანამ ქანდაკება დაიდგმება, მანამდე ქალაქში ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. მისი სიტყვებით, სამუშაოები ამჟამად შეჩერებულია, ვინაიდან ლენტეხში წვიმები, უამინდობა და შედეგად, წყალდიდობები იყო.

“… ამიტომ დროებით ეს თემა შეჩერებული იყო და თანაც მეუფეს სიტყვებსაც მნიშვნელობა ჰქონდა, მეუფეა მაინც და მის აზრსაც ვითვალისწინებთ. ვცდილობთ, ის გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც უკეთესი იქნება,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი