ახალი ამბები

კარასინი თანამდებობას ტოვებს – რა ბედი ელის აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს

29 ივლისი, 2019 • 2059
კარასინი თანამდებობას ტოვებს – რა ბედი ელის აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, რომელიც საქართველოსთან რუსეთის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია, თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით რუსული “კომერსანტი” ავრცელებს.

როგორც საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ნეტგაზეთს უთხრა, ინფორმაცია კარასინის გადადგომის შესახებ ხელისუფლებამ მედიიდან შეიტყო და ოფიციალური უწყებებიდან რაიმე ცნობა არ მიუღიათ. შესაბამისად, აბაშიძე ამ ეტაპზე არ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატი, ჩაანაცვლებს თუ არა ვინმე კარასინს ამ მოლაპარაკებებში და ა.შ.

“კომერსანტის” ინფორმაციით, გრიგორი კარასინი რუსეთის ფედერაციის საბჭოში (დუმის ზედა პალატა) სახალინის წარმომადგენელი გახდება და ფედერაციის საბჭო ამით აპირებს საგარეო მიმართულების გაძლიერებას. როგორც გამოცემა წერს, 69 წლის გამოცდილი დიპლომატი ფედერაციის საბჭოსთვის საგარეო მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსი იქნება.

როგორც “კომერსანტი” წერს, კარასინის წასვლა დიდ გავლენას ვერ მოახდენს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ხასიათზე, რადგან, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვან საგარეო საკითხებზე იღებენ კრემლში და არა – საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო მინისტრის მოადგილის პოსტზე კარასინის შემცვლელად განიხილება რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის კი ყველაზე რეალურია ივან ვოლინკინი, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ელჩად იუგოსლავიაში, აშშ-ში, საქართველოში, სერბეთსა და ჩერნოგორიაში. 2013-2018 წლებში ვოლინკინი იყო რუსეთის დესპანი სომხეთში.

ივან ვოლინკინი 2007 წლის ნოემბრამდე იყო რუსეთის ელჩი საქართველოში. საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ის და სხვა რუსი დიპლომატები ჯაშუშურ საქმიანობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ქვეყნიდან გააძევა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი