ახალი ამბები

“ოცნება” მხოლოდ პროკურატურის, პოლიციისა და ბოტების მეშვეობით გვესაუბრება – მარგველაშვილი

29 ივლისი, 2019 •
“ოცნება” მხოლოდ პროკურატურის, პოლიციისა და ბოტების მეშვეობით გვესაუბრება – მარგველაშვილი

“საუბარი საერთოდ აღარ მიმდინარეობს. პოლიტიკური დისკურსი ამ ქვეყანაში ნელ-ნელა ქრება”, – ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მმართველი პარტიის მოქმედებებს. მარგველაშვილმა ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მოქმედებათა მსგავსი ლოგიკა”, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთამდე მიდის.

ექსპრეზიდენტის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ მოქალაქეებთან საუბარზე უარი თქვა და მათთან საურთიერთოდ, ერთი მხრივ, ძალოვანი უწყებები, მეორე მხრივ კი, ე.წ. ინტერნეტ- ბოტები აირჩია.

“დღეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური სტილი არის ის, რომ ესაუბროს მოქალაქეებს პროკურატურის, პოლიციის მეშვეობით. საუბარი საერთოდ აღარ მიმდინარეობს. პოლიტიკური დისკურსი ამ ქვეყანაში ნელ-ნელა ქრება. ჩვენ მმართველი პოლიტიკური ძალისგან გვესმის პროკურატურა, გვესმის პოლიცია, გვესმის ბოტი. პოლიტიკური განცხადებები აღარ არსებობს, პოლიტიკური ველი მთავრდება.

ვინ არის ამის იდეოლოგი, ვინ მიგაჩნიათ, ვისი ემოცია არის, ეს დისკუსიისა და მიხვედრის საგანია. მე ვსაუბრობ იმაზე, რასაც ვხედავ. და ის, რასაც ვხედავ, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს”, – აღნიშნა მან.

გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” კითხვაზე, რატომ გახდა პრობლემა ხელისუფლებისათვის მამუკა ხაზარაძე, მარგველაშვილმა უპასუხა:

“მე ვფიქრობ, ხაზარაძე იმიტომ გახდა პრობლემა, რატომაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ საზოგადოებაში თავისუფლად, დამოუკიდებლად გრძნობს თავს, წელშია გასწორებული, საზოგადოების მიერ მიღებული და მხარდაჭერილია, ხდება პრობლემა ამ პოლიტიკური გუნდისთვის. მიუღებელია, საშიშია არაშეშინებული საქართველოს მოქალაქე უკვე”.

მეოთხე პრეზიდენტის თქმით, მმართველობის ასეთი სტილის პირობებში, ქვეყანა, ნებსით თუ უნებლიეთ, გადაიხრება რუსეთის ვექტორისკენ. მისი თქმით, მართვის მსგავსი მეთოდების განხორციელებას დიდი რესურსი სჭირდება, რომელსაც არავინ გასცემს, მოსკოვის გარდა.

“ამ გზით რომ მიდიხარ, შენ შეიძლება არც გქონდეს არჩეული ჩრდილოეთის ვექტორი, მაგრამ, უბრალოდ, სხვანაირად ვერ ივლი. თუ შენ გინდა, გააღრმავო ეს სტილი; თუ შენ გინდა, გააღრმაო ის, რომ ტელევიზიები დახურო ამა თუ იმ ფორმით; თუ შენ გინდა, პოლიტიკური ლიდერები ციხეში ჩასვა; თუ შენ გინდა, რომ მიტინგებს ესროლო… სულ რომ არ გინდოდეს და შენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყოს რუსეთი, უბრალოდ, მოქმედებათა ლოგიკა მიგიყვანს რუსეთამდე. მსგავსი მიდის მსგავსთან.

მით უმეტეს, ასეთ ქმედებებს სჭირდება ხერხემალი. ამის გაკეთება იოლი არაა, რადგან შენ ამაში უნდა ჩადო უზარმაზარი ფინანსური რესურსი და უზარმაზარი ქმედება უნდა განახორციელო ამ მიმართულებით. ამის გასაკეთებლად პარტნიორი ვერ გეყოლება ვერც ფრანგი, ვერც ამერიკელი. ძალაუნებურად მიხვალ რუსეთამდე. სხვა გზა აღარ დაგრჩება. ეს გამიზნული გაქვს თუ არ გაქვს გამიზნული, უკვე მეორე საკითხია”, – აღნიშნავს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი