ახალი ამბები

ძალის არაპროპორციული გამოყენება – მოსკოვში აქციის დარბევას ევროკავშირი ეხმაურება

28 ივლისი, 2019 • 1047
ძალის არაპროპორციული გამოყენება – მოსკოვში აქციის დარბევას ევროკავშირი ეხმაურება

მოსკოვში აქციის დარბევას ევროკავშირი გამოეხმაურა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დემონსტრანტების დარბევით საფრთხე შეექმნა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებებს. ამასთან, ევროკავშირი რუსეთს ახსენებს, რომ ეს უფლებები რუსეთის კონტიტუციითაა გარანტირებული.

“მოსკოვში, ათასობით მშვიდობიანი აქციის მონაწილე მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დააკავეს. ისინი 2019 წლის სექტემბერში მოსკოვში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. დაკავებები, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება და ბოლო დღეებში პოლიციის რეიდები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ძირს უთხრის გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლებებს. ეს უფლებები რუსეთის კოსტიტუციით არის გარანტირებული და ველით, რომ ეს უფლებები დაცული იქნება,”-წერია განცხადებაში.

27 ივლისს, მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას BBC-ის ინფორმაციით, 20 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა. აქციის დროს სხვადასხვა ინფორმაციით, სულ მცირე 1 000 ადამიანი დააკავეს. აქციის დარბევას რუსი პოლიციელები ძალების გამოყენებით ცდილობდნენ, მათ შორის, მომიტინგეებს ფიზიკურად ხელკეტებით უსწორდებოდნენ. აქციის მონაწილეები 2019 წლის სექტემბერში მოსკოვში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციას ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი