ახალი ამბები

ახლა, ოქრუაშვილი ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლია – სააკაშვილი

28 ივლისი, 2019 • 1438
ახლა, ოქრუაშვილი ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლია – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება მოგონილია და ის უდანაშაულო მსხვერპლია.

ოქრუაშვილის გარდა, სააკაშვილი National Geographic-ის თანამშრომელის ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის ბრალის წაყენებით ხელისუფლებამ “თავზე ხელი აიღო”.

“ირაკლი ოქრუაშვილს, მეცნიერსა და სამოქალქო აქტივისტს ბეჟან ლორთქიფანიძესა და სხვა დაკავებულებას პატიმრობა მიუსაჯეს. მათ მიუსაჯეს პატიმრობა სრულიად აბსურდული, მოგონილი და არაფრისმთქმელი ბრალდებით. ირაკლი ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მქონდა  ყოველთვის. ის ჩემს წინააღმდეგ ცრუჩვენებების მისაცემად გამოიყენეს, მისი ჩემს მიმართ პირადი განწყობების გამო. მაგრამ ახლა ის ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლია და აქამდე, ამ პერიოდის მანძილზე ის [ოქრუაშვილი] ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, რაც დასაფასებელია. რაც შეეხება ლორთქიფანიძეს, მას რომ დაიჭერ ნიშნავს, რომ თავზე სულ აიღე ხელი,”-აცხადებს სააკაშვილი.

გუშინ, 27 ივლისს, 20 ივნისის საქმეზე ბეჟან ლორთქიფანიძეს სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა ირაკლი ოქრუაშვილსაც. ის შსს-მ 25 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება 26 ივლისს, მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. მათ დაკავებულის ბრალეულობა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი