ახალი ამბები

“ვუბრუნდებით აქციების რეჟიმს“ – პარლამენტთან “სირცხვილიას“ აქცია განახლდება

27 ივლისი, 2019 • 1232
“ვუბრუნდებით აქციების რეჟიმს“ – პარლამენტთან “სირცხვილიას“ აქცია განახლდება

პარლამენტთან აქცია, სახელწოდებით “სირცხვილია“ დღეს  განახლდება. ნეტგაზეთთან საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე “მხიარულობის დრო აღარ არის“.

დღევანდელი აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან ტელესტუდია მოაწყეს. მათი გადაცემები ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში გადიოდა.

“გადავდივართ აქციების რეჟიმზე, იმიტომ, რომ ქვეყანაში კატასტროფა ხდება. ყველაფერი ერთად იძლევა იმის საფუძველს, რომ დავუბრუნდეთ აქციის რეჟიმს, იმიტომ, რომ ამდენი ხალხის დაკავება, ხაზარაძის საქმე, რომელიც პირდაპირ ურტყამს ქვეყნის ეკონომიკას, ლარის კურსი…. ამას კი ემატება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სრულიად არაადეკვატური რეაქციები, მათ შორის, პრეზიდენტისა და პრემიერის – ერთი მათგანი ატამს კრეფს, მეორე კი თიანეთში საუბრობს რაღაცებს.

გადავყწვიტეთ, რომ აქციების ფორმატში უნდა დაბრუნდეთ ძალიან სწრაფად, დღესვე ვიწყებთ,“ – ამბობს მაქარაშვილი.

მისივე თქმით, დღეს გადაცემის ნაცვლად პირდაპირ ეთერში აქცია გავა, სამომავლო გეგმებზე კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღევანდელ აქციას ორგანიზატორებმა “რეპრესიების ზაფხული“ დაარქვეს.

განახლება: ნიუსის გამოქვეყნების შემდეგ, ნეტგაზეთს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ უთხრა, რომ საპროტესტო აქცია პარლამენტთან მხოლოდ დღეს გაიმართება. ხვალ კი, მისი თქმით, პარლამენტთან წვრილმანების ყიდვა-გაყიდვა ე.წ. “ფლი მარკეტია“ დაგეგმილი.

რაც შეეხება გადაცემას, ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ პირდაპირი ეთერი ორშაბათიდან განახლდება.

რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი