ახალი ამბები

ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აჩენს – TI

26 ივლისი, 2019 • 1328
ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აჩენს – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ირაკლი ორქუაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის პოლიტიკური დევნის ეჭვებს აჩენს.

ორგანიზაცია განცხადებაში წერს, რომ ვიდეოში, რომელიც შსს-მ მისი ბრალეულობის მტკიცებულების სახით წარადგინა, არ იკვეთება  ოქრუაშვილის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები. მათვე თქმით, ოქრუაშვილის როგორც მოწოდებები, ისე ქმედებები მის დასაკავებლად არ იყო საკმარისი.

“გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირი, ასევე, მან ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მფლობელობაზე პრეტენზია გამოთქვა, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებაზე ისაუბრა და წილების დაბრუნებისათვის სამართლებრივი დავა დაიწყო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, გაასაჯაროონ ოქრუაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი წონადი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება“, – ნათქვამია TI-ს განცხადებაში.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, საღამოს 7 საათისკენ დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობიდან გამოვიდა. როგორც მისმა თანაპარტიელმა გუბაზ სანიკიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, დაკავება 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. ამავე საქმეზე, როგორც ცნობილია, სულ 10-მდე ადამიანია ბრალდებული, მათ შორის პოლიტიკური ლიდერი ნიკა მელია.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დღეს, 26 ივლისს, მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. მათ დაკავებულის ბრალეულობა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი