ახალი ამბები

პრემიერი ლარის გაუფასურებაში ნაციონალებს ადანაშაულებს

26 ივლისი, 2019 • 3534
პრემიერი ლარის გაუფასურებაში ნაციონალებს ადანაშაულებს

“ავანტიურისტებმა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბელადს, ასევე, რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, ეს გაჩერებულიყო და გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო”, – მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის მდგრადი განვითარება ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე, პროგნოზირებადი თამაშის წესებს.

„ტურიზმის სექტორი საქართველოში არის ყველაზე სწრაფად ზრდადი, ამასთანავე, ეს არის სექტორი, სადაც ინკლუზიურობა, ანუ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ამ სექტორში, არის ყველაზე მაღალი. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. 20 ივნისზე შეფასება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს იყო სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი. პირადად მე და ჩემი გუნდის ყველა წევრი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, რომლებიც 20 ივნისს გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე. მაგრამ ეს ავანტიურისტები შეეცადნენ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის და მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე, მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ – რას ეფუძნება ეკონომიკის მდგრადი განვითარება? – ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე, პროგნოზირებადი თამაშის წესებს. ის ნეგატიური ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეკონომიკას ეხმარება თუ პირიქით, აფერხებს? – ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ კითხვას სვამენ. თან, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ტურისტულ სექტორზე, რომელიც ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული კომენტარი დუშეთში გააკეთა, სადაც დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება. მთავრობის მეთაურის თქმით, არცერთი დაგეგმილი პროექტი არ შეჩერდება.

„აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩემი ამ რეგიონში ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ, არცერთი მშენებლობა, რომელიც იგეგმებოდა, იქნება ეს საოჯახო სასტუმრო თუ სხვა მსხვილი პროექტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მთავარ მიზანს, რეგიონში შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, არცერთი არ გაჩერდება. პირიქით, უფრო სწრაფი ტემპით გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ტურიზმის სექტორი დარჩება ეკონომიკის მთავარ ლოკომოტივად, როგორც ეს იყო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


25 ივლისს ლარი დოლართან და ევროსთან კიდევ უფრო გაუფასურდა, რითიც ახალი ანტირეკორდი დაამყარა.

ეროვნული ვალუტა დოლართან 1.6 თეთრით, ევროსთან კი 1.5 თეთრით გაუფასურდა.

შედეგად, 26 ივლისს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.91 ლარი, ერთი ევრო ოფიციალური ღირებულება კი 3.24 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი