ახალი ამბები

ანაკლიის პროექტი ნეგატიურად ახსენეს- ბესელია კვირიკაშვილის გადადგომამდე “ოცნების” შეკრებაზე

26 ივლისი, 2019 • 4326
ანაკლიის პროექტი ნეგატიურად ახსენეს- ბესელია კვირიკაშვილის გადადგომამდე “ოცნების” შეკრებაზე

დეპუტატი ეკა ბესელია ადასტურებს, რომ “ოცნების” ცნობილ შეკრებაზე, რომლის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, ანაკლიის პორტი ნეგატიურ კონტექსტში ახსენეს.  აქამდე ამის შესახებ ცნობები მხოლოდ არაოფიციალურად ვრცელდებოდა. 

“მე ახლა ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, დახურული შეხვედრა იყო, მაგრამ ის, რომ კრიტიკული და უარყოფითი განწყობა გამოჩნდა ამ პროექტისა და მათ შორის, ამ პროექტის სათავეში მყოფი მამუკა ხაზარაძის მიმართ, არა მარტო იმ შეხვედრაზე გამოჩნდა, არამედ შემდგომში საჯაროდაც”, – განაცხადა ეკა ბესელიამ 25 ივლისს, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას. 

თუმცა, ბესელიამ დეტალებზე არ ისაუბრა და არ უთქვამს, რომ ანაკლიის პროექტის გამო გააკრიტიკეს კვირიკაშვილი. 

“არ მინდა დეტალებში შესვლა”, – განაცხადა “ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა. 

2018 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას წინ უსწრებდა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დეპუტატების და პარტიის თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, რომელსაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

 შეხვედრიდან გამოსული “ოცნების” დეპუტატები ამბობდნენ, რომ “იუნისეფის” კვლევის განსახილველად შეიკრიბნენ, თუმცა მეორე დღეს პრემიერ-მინისტრი გადადგა და ცხადი გახდა, რომ  არა “იუნისეფის” კვლევაზე, არამედ საკადრო ცვლილებებზე საუბრობდნენ. მაშინვე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომ ივანიშვილი მკაცრად ესაუბრა კვირიკაშვილს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით და ივანიშვილ- კვირიკაშვილის დაპირისპირების მთავარი მიზეზი ანაკლიის პორტის მშენებლობა გახდა. 

“ქართული ოცნების” წევრები დღემდე არ ადასტურებენ, რომ კვირიკაშვილით ივანიშვილის უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ანაკლიის პორტი იყო. 

სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებს მათ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ბადრი ჯაფარიძესთან ერთად პროკურატურამ 24 ივლისს ბრალი წაუყენა და 2008 წელს უკანონოდ მოპოვებული ფულის ლეგალიზაციაში დაადანაშაულა. 

რომან კაკულია არ უარყოფს, რომ ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხაზარაძეზე ჰკითხა

მასალების გადაბეჭდვის წესი