კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტთან კარვის დადგმის არკძალვას ანტიკოსნტიტუციურად მიიჩნევს.
იურისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და კანონით “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” გარანტირებულია პირის უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე, გამოხატოს პროტესტი, მათ შორის გამართოს შეკრება და მანიფესტაცია.
მშვენიერაძის განმარტებით, კონსტიტუცია იცავს პირის უფლებას, თავად განსაზღვროს შეკრების შინაარსი, შეკრების ადგილი, შეკრების დრო და მისი ფორმა:
“თუ შეკრების მონაწილე კარვის დადგმით გადაწყვეტს პროტესტის გამოხატვას, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. მას ეკრძალება კარვის განთავსება ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას (გამონაკლისებს არ ჩამოვწერ). შემთხვევა, როცა თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს (მერს) შეუძლია შეზღუდოს შეკრების ჩატარება, დეტალურადაა მოცემული კანონში “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, კერძოდ: თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად- ა) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას; ბ) მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას” ,- აღნიშნავს მშვენიერაძე.
მისი თქმით ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც ორი სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას:
შესაბამისად, მაჩალიკაშვილისადმი პოლიციის უარი, გაშალოს კარავი, არის ადამიანის კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა.
“”მიზანშეუწონლობის” მოტივით ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი საკითხი ერთხელ უკვე გვქონდა სარალიძის შემთხვევაში, როცა კარვების დადგმა დიდი ბრძოლის შედეგად მოგვიწია. მაშინ ამ საკითხს პარლამენტის ვიცესპიკერიც გამოეხმაურა და იმედია, ახლაც მოვისმენთ დროულ გამოხმაურებას. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უბიძგებს მაჩალიკაშვილს და გვიბიძგებს ჩვენ, უფლებების დასაცავად კიდევ ერთი “ძიძგილაობა” გავმართოთ პოლიციასთან და რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს, დღეს ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელია”, – ამბობს იურისტი.
ომბუდსმენი აქციებზე კარვების დაშლის სადავო მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს