ახალი ამბები

ეს სახიფათო პოლიტიკური კონკურენტის განეიტრალებაა – ნოდია ხაზარაძის საქმეზე

24 ივლისი, 2019 • 1130
ეს სახიფათო პოლიტიკური კონკურენტის განეიტრალებაა – ნოდია ხაზარაძის საქმეზე

“ეს მეტია, ვიდრე დაშინება” – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ნოდია პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისათვის ბრალის წარდგენას. მას ეჭვი აქვს, რომ უწყების ეს ნაბიჯი ხაზარაძის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას უკავშირდება საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ.

“ბუნებრივი ეჭვი ამ საქმეზე აქამდეც არსებობდა, თუმცა ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აქვს პრეტენზიები მამუკა ხაზარაძის მიმართ. ახლა უკვე დაემატა ეს ფაქტორიც, რომ მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა პოლიტიკური მოძრაობის შექმნა.

ახლა ვერ შევაფასებთ, თუმცა ის შესაძლოა გამხდარიყო სახიფათო კონკურენტი ბიძინა ივანიშვილისთვის, განსაკუთრებით, პროპორციული არჩევნების კონტექსტში. ბუნებრივია, მას ჰქონდა მოტივი, რომ უფრო მკაცრი ნაბიჯები გადაედგა ხაზარაძის მიმართ”, – აცხადებს ნოდია “ნეტგაზეთთან” საუბრისას და აღნიშნავს, რომ “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით  სტრასბურგის გადაწყვეტილება, შესაძლოა, “ერთგვარი ვალიდაციაა” ივანიშვილისთვის, რომ ” თუ რ2-ის საქმეში მართალია, შეიძლება, ყველა საქმეში მართალი იყოს”.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, აღნიშნული ქმედება შეფასდეს ხაზარაძის დაშინებად, ნოდია პასუხობს:

“ეს უფრო სახიფათო პოლიტიკური კონკურენტის განეიტრალებაა… დაშინება უფრო აქამდე იყო. ეს მეტია, ვიდრე დაშინება. სისხლის სამართლის საქმეა მის წინააღმდეგ და არ ვიცი, შეიძლება, დღეს დააპატიმრონ”.

გია ნოდიას თქმით, ხაზარაძის მიმართ ხელისუფლების ქმედებები ანაკლიის პორტზე კონტროლის მოპოვების მცდელობაც არის.

“…თუ გადავედით იმ რეგისტრში, რომ ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კრიმინალები არიან, მაშინ მათ არ შეიძლება ვანდოთ ასეთი სტრატეგიული პროექტის განხორციელება და ის ვიღაც სხვამ, ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღებმა პირმა უნდ ჩაიგდოს ხელში. საქმე აქეთ მიდის, ტექნიკურად როგორ უნდა განხორციელდეს ეს, არ ვიცი”, – აცხადებს ნოდია.

დღეს, 24 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)”, – აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი