ახალი ამბები

ხალვაშმა უნდა უზრუნველყოს რ2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა – კოალიცია

23 ივლისი, 2019 • 1088
ხალვაშმა უნდა უზრუნველყოს რ2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა – კოალიცია

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ქიბარ ხალვაშს, უზრუნველყოს სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

ამასთან, კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიმდინარე პროცესების ფონზე, აუცილებლად უნდა დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

კოალიციის წევრი ორგანიზაციების განცხადებით, აქტიურად აკვირდებიან რუსთავი 2-ში განვითარებულ მოვლენებს, განახორციელებენ სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგს და გამოთქვამენ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

ასევე, კოალიცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

 

<em><strong>კოალიციის წევრი ორგანიზაციები - დააკლიკეთ</strong></em>

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  2. მედიაკლუბი
  3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  5. ღია საზოგადოების ფონდი
  6. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  7. ლიბერალური აკადემია თბილისი
  8. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  9. სატელევიზიო ქსელი
  10. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

 

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორებისა და კომპანიის დირექტორის ცვლილების მიუხედავად, ამ დრომდე რუსთავი 2 ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლად რჩება. პარალელურად, ტელეკომპანიის თანამშრომლები საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შეექმნათ.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები შიშობენ, რომ არხზე არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა მათი შრომითი კონტრაქტების შეწყვეტის საფუძველი გახდეს, რაც საბოლოო ჯამში სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს. ქიბარ ხალვაშმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მდლობელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაუწყებლის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე ისე, რომ არ დაზარალდეს არხის სარედაქციო პოლიტიკა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედია მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ასევე, ჟურნალისტი ხელმძღვანელობს საკუთარი სინდისისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, მისი პროფესიული საქმიანობა კი დაცულია დირექტორისა და მესაკუთრის ჩარევისგანაც კი.

მასალების გადაბეჭდვის წესი