ახალი ამბები

ბედნიერი ვარ, რომ არ მაქვს არცერთ მოსამართლესთან კომუნიკაცია – თადუმაძე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე

23 ივლისი, 2019 • 1207
ბედნიერი ვარ, რომ არ მაქვს არცერთ მოსამართლესთან კომუნიკაცია – თადუმაძე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე

მთავარ პროკურორი შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა.

“2003-04 წლებში რომ სასამართლო პროცესებში მივდიოდი, მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც მე, მოწინააღმდეგე მხარე და მოსამართლე ვისხედით ერთ ოთახში, ელექტროღუმელთან, იმიტომ, რომ ძალიან ციოდა და იქ განვიხილავდით საქმეს. მე მახსოვს გარემონტებული, გალამაზებული, იერარქიულად დალაგებული სასამართლო ძალიან ბევრი პრობლემებით”, – განაცხადა თადუმაძემ.

თადუმაძის თქმით, ადრე იყო გარკვეულწილად ინკვიზიციური სასამართლო, როდესაც განაჩენების 99% გამამტყუნებელი იყო.

“მსოფლიო მაჩვენებელი არ არსებობს ისეთი გამამტყუნებელი განაჩენების, რომელიც გვქონდა 2005-2012 წლის პერიოდებში და საკმაოდ რთული იყო სამუშაოდ [ადვოკატისთვის]. მე მახსოვს დამოკიდებულება პროკურატურას და სასამართლოს შორის. მე ვარ დღეს ბედნიერი, რომ არ მაქვს არცერთ მოსამართლესთან კომუნიკაცია. მე ვარ გენერალური პროკურორი და ვექვემდებარები ნებისმიერი თქვენგანის გადაწყვეტილებას. არანაირი დამოკიდებულება ჩვენ შორის არ არსებობს. თქვენ იღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და მე მომწონს თუ არა ეს გადაწყვეტილებები, ისინი აღსრულებას ექვემდებარება”, – განაცხადა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე.

შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატს შორისაა.

შალვა თადუმაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი და მის ინტერესებს წლების განმავლობაში იცავდა სასამართლოებში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი მნიშვნელოვან პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის, იყო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი. შალვა თადუმაძე 2018 წლის ივლისში პარლამენტმა აირჩია მთავარ პროკურორად 6 წლის ვადით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი