ახალი ამბები

ინციდენტი რეგიონულ FASHION WEEK-ზე ორგანიზატორებსა და რობერტო მავანს შორის

22 ივლისი, 2019 • 3907
ინციდენტი რეგიონულ FASHION WEEK-ზე ორგანიზატორებსა და რობერტო მავანს შორის

გორში, რესტორან “მზიურში”, REGION FASHION WEEK-ზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-მ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ნაკლებად მძიმე შედეგებით.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ფესტივალის ორგანიზატორებსა და postv-ის ჟურნალისტებს შორის მოხდა. რადიო მოზაიკის და qartli.ge-ის მიერ გავრცელებული ვიდეოების თანახმად, ფესტივალის ორგანიზატორების უკმაყოფილება postv-ის გასართობი მიმართულების გადაცემის წამყვანის, ლევან კვარაცხელიას, იგივე რობერტო მავანის რესტორანში გამოჩენამ გამოიწვია.

postv-ის მეორე ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი აცხადებს, რომ გიორგი მასხულიამ, ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და თმით ითრია. მასხულია ამტკიცებს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მასხულიას თქმით, მან ადამაშვილს უბრალოდ სთხოვა, რომ მისი კოლეგა რობერტო მავანისთვის ეთხოვა, არ ჩასულიყო გორში და არ გაეშუქებინა ზემოხსენებული ღონისძიება.

შსს-ში ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებს გამოკითხავენ.

დანაშაული, რომელსაც ზემოხსენებული მუხლი ითვალისწინებს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მთავრი ფოტო © რადიო მოზაიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი