ახალი ამბებირეკლამა

ეკა ბესელია ყოფილ პატიმრებზე: განსაცდელი გზრდის და გაძლიერებს

23 ივლისი, 2019 • 1104
ეკა ბესელია ყოფილ პატიმრებზე: განსაცდელი გზრდის და გაძლიერებს

ეკა ბესელია, იურისტი, პარლამენტის წევრი: 

„1996 წლიდან საადვოკატო საქმიანობას ვეწეოდი და მუდმივად პატიმრებთან მქონდა ურთიერთობა. ძალიან ბევრი საქმე მქონია, სხვადასხვა კატეგორიის პატიმარი, დამნაშავეც და უდანაშაულოც, ასეთი.. ისეთი… ყველას მიმართ მქონდა თანაგრძნობის და დახმარების უდიდესი სურვილი და ამიტომაც გრძნობდნენ ამას და მენდობოდნენ. იშვიათად ყოფილა შემთხვევა, რომ გამჭირვებოდა ფსიქოტიპის ამოცნობა. ბოლოს ჩემი დასაცავი პირები იყვნენ ჩემი პოლიტიკური ბრძოლის გამო – ჩემი ძმა და შვილი. ძმა ერთი წელი ჰყავდათ მძევლად, შვილი – სკოლის მოსწავლე, ჯერ დააპატიმრეს და შემდეგ 2 წელი დევნაში ამყოფეს.

კარგად ვიცი, რას გრძნობენ ასეთი განსაცდელია დროს. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ შემიძლია დავასკვნა, რომ ციხე არის უმძიმესი, ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამოცდის ადგილი. მას ყველა ვერ უძლებს, ტოვებს უმძიმეს კვალს და ახდენს უდიდეს ფსიქოლოგიურ გადატრიალებას. პირველი, რაც სჭირდებათ ასეთ ადამიანებს, ესაა თანაგრძნობა, თანადგომა, სრულფასოვნების განცდა. სტერეოტიპი, რომ ის პატიმარი იყო [რაც ქვეტექსტში გულისხმობს „ცუდი კაცია“], უნდა დაიმსხვრეს.

საზოგადოების აღქმა სხვადასხვაგვარია: „ნასამართლევია, ციხეში იჯდა, საშიშია!“ ან კიდევ – „ნაწამებია და ცოდვაა!“ იქნებ, მოვახერხოთ და შევხედოთ მათ, როგორც სრულფასოვან ადამიანებს, რომელთაც გაიარეს განსაცდელი. პატივი ვცეთ მათ პიროვნებას. განსაცდელი გზრდის და გაძლიერებს. მთავარი ხომ ისაა, როგორ გაივლი ამ გზას და არა ის, რა შეგხვდება ამ გზაზე. უნდა დავძლიოთ სტერეოტიპი, რაც ერთი პერიოდი მკვიდრდებოდა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ – „ამნისტირებულია!“, ე. ი. „ცუდი ადამიანია!“ არ შეიძლება ასეთი სტერეოტიპების დამკვიდრება.

თითოეული ადამიანი თავისი ისტორიით პატივსაცემია და მის ღირებულებით სისტემას უნდა შევხედოთ თანაგრძნობით და სიკეთით. დასაძლევია განსჯის და განქიქების ის დაუოკებელი სურვილი, რაც ადამიანებს ჭარბად აქვთ და აგრესიას ქმნის. საჭიროა მეტი სივრცე რესოციალიზაციისა და ადაპტირების, ყოფილმა პატიმრებმა სრულფასოვნად რომ იგრძნონ თავი. ამისთვის კი ჯერ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპებისგან.“

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი