ახალი ამბები

მკერავმა ქალებმა ქუთაისში აქცია გამართეს და სამუშაო პირობები გააპროტესტეს

22 ივლისი, 2019 • 1474
მკერავმა ქალებმა ქუთაისში აქცია გამართეს და სამუშაო პირობები გააპროტესტეს

დღეს, 22 ივლისს, ქუთაისში სამკერვალო საწარმოს “ქუთექსი” თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და არასათანადო სამუშაო პირობები გააპროტესტეს. საწარმოში სულ 120 ადამიანი მუშაობს.

სამკერვალოში დასაქმებულები ადმინისტრაციას ხელშეკრულების პირობებს დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ერთი წელია გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ არასათანადო პირობებში ამუშავებენ, არ აქვთ ვენტილაცია და აყენებენ შეურაცხყოფას. მათი თქმით, ამ ყველაფრის ფონზე კონტრაქტით გაწერილ ხელფასს, თვეში 350 ლარსაც კი არ უხდიან და აქეთ ადანაშაულებენ, თითქოს უხარისხოდ კერავენ ტანსაცმელს.

ერთ-ერთმა მკერავმა, ნანა ბანძელაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ “ქუთექსი” ტანსაცმელს “ლს ვაიკიკისთვის” კერავს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდიანტორის, ირაკლი მხეიძის განცხადებით, თუ მკერავი ქალების მოთხოვნები არ შესრულდება, დავა სასამართლოში გაგრძელდება:

“დაგვიანებულია ხელფასები, არ ეძლევათ შვებულების გამოყენების უფლება, არის ძალიან მძიმე ვითარება განაცდურთან დაკავშირებით; არ ჰქონდათ სამუშაო მასალა და ეს გაცდენილი დღეები არ უნაზღაურდებათ. იყო შემთხვევები, როდესაც წინა თვეში ადამიანებს დაერიცხათ 7 ლარი, რადგან არ ჰქონდათ მუშაობა, თუმცა ეს არის დამსაქმებლის ბრალი. კომპანიის გადმოსახედიდან, მათ შეასრულეს 7 ლარის სამუშაო. მათ აქვთ შრომითი ხელშეკრულებები, სადაც წერია, რომ ერიცხებათ მოჭრილი თანხა, დაახლოებით 350 ლარი თვეში”.

ბრალდებებს “ქუთექსის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გოგოლაშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ დასაქმებულთა უფლებები სამკერვალოში არ ირღვევა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელფასო დავალიანება მალე დაიფარება:

წინა ხელფასი, როგორც მახსოვს, ერთი დღით ადრე გაიცა. ახლა 10-ში უნდა გაცემულიყო ხელფასი და დაგვიანდა, უბრალოდ. არ გადავიხდით და ასეთი საუბარი არ ყოფილა. ველოდებით ამ კვირის პარასკევს. რაც შეეხება შეურაცხყოფებს, არ ვეთანხმები ასეთ განცხადებებს. მხოლოდ შესვენებაზე იღება საპირფარეშო, არც მაგას ვეთანხმები”.

ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკებში, სადაც კვირაში ექვსი სამუშაო დღე 9 ან 10 საათი გრძელდება, ანაზღაურება თვეში საშუალოდ 250-350 ლარია. ნეტგაზეთი ამის შესახებ 2014 წელს წერდა.

ქავერის ფოტო: kutaisipost.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი