ახალი ამბები

ზელენსკის პარტიას, შესაძლოა, პარლამენტში კოალიცია არ დასჭირდეს

22 ივლისი, 2019 • 1083
ზელენსკის პარტიას, შესაძლოა, პარლამენტში კოალიცია არ დასჭირდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახური” ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით ლიდერობს. უკრაინული გამოცემა “უნიანის” ცნობით, ხმათა 60%-ზე მეტი უკვე დათვლილია, მონაცემების განახლებასთან ერთად კი პოტენციური საპარლამენტო კოალიციის ფორმირების საკითხი ბუნდოვანი ხდება.

წინასწარი შედეგებით, ზელენსკის პარტია ხმათა 42.52%-ით ლიდერობს. მეორე ადგილს იკავებს პრორუსული “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” 13%-ით, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა” მოსდევს ხმათა 8.52%-ით.

“ევრონიუსის” თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9% შეადგინა, რაც უკრაინის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში რეკორდულად დაბალია.

21 ივლისის ღამით, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოხარული იქნებოდა პარტია “ხმასთან” თანამშრომლობით, რომელსაც როკ-ვარსკვლავი სვიატოსლავ ვაკარჩუკი ხელმძღვანელობს. წინასწარი შედეგებით, მას უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 6.30%-მა მისცა ხმა. პარტიამ ასევე გამოთქვა ზელენსკისთან საპარლამენტო კოალიციის მზაობა.

თუმცა დათვლილი ხმების რაოდენობის ზრდასთან ერთად გამოიკვეთა, რომ შესაძლოა, “ხალხის მსახურმა” აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს, რის ფონზეც კოალიციაზე საუბარი ნაადრევია.

“უმაღლეს რადაში თანამშრომლობას შევძლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ჩვენს იდეოლოგიას, ფილოსოფიასა და ქვეყნის განვითარების ზოგად ხედვას გაიზიარებს. მაგრამ ახლა კოალიციაზე საუბარი ნაადრევია, რადგან საკმაოდ კარგ შედეგებს ვხედავთ…” – აღნიშნა ზელენსკის პარტიის ლიდერმა, დმიტრო რაზუმკოვმა.

ზელენსკიმ, რომელიც მანამდე უკრაინულ სატელევიზიო სერიალში პრეზიდენტის როლს ასრულებდა, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 73.2% მიიღო და ქვეყნის ყოფილი პირველი პირი პეტრო პოროშენკო დაამარცხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი