ახალი ამბები

“სამზარეულოს ომების” ახალი ეპიზოდები გვარამიას გარეშე გაგრძელდება

22 ივლისი, 2019 • 3535
“სამზარეულოს ომების” ახალი ეპიზოდები გვარამიას გარეშე გაგრძელდება

“რუსთავი 2”-ის გადაცემა “სამზარეულოს ომების” ახალ ეპიზოდებში ნიკა გვარამია მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გადაცემის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, ზუკა გუმბარიძემ განუცხადა.

პროდიუსერის თქმით, უკვე ჩაწერილი ეპიზოდები, რომლებშიც გვარამიაც მონაწილეობს, ჩვეულებრივ გავა ეთერში, ახალ ეპიზოდებში კი კულინარიულ შეჯიბრში ჟიურის მხოლოდ ორი წევრი – გურამ ბაღდოშვილი და მიშა ავსაჯანიშვილი დარჩებიან.

ზუკა გუმბარიძე ამ ეტაპზე ვერ პასუხობს კითხვას, იხილავს თუ არა მაყურებელი გადაცემის ახალ სეზონს.

აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთმა” ტელეარხის ახალ დირექტორს, პაატა სალიასაც ჰკითხა. მისი თქმით, “გადაცემები, რაც იყო დაგეგმილი, გავა ეთერში”. განმეორებითი კითხვის შემდეგ, ხომ არ შეუქმნის გადაცემას პრობლემას ნიკა გვარამიასთან კონტრაქტის შეჩერება, სალია პასუხობს:

“მე ამ გადაცემის შინაარსში არ ჩავრეულვარ, გადაცემის პროდიუსერებს ჩემთვის კითხვა, უნდა გავიდეს თუ არა, არ დაუსვამთ და თუ დამისვამენ, ვეტყვი, რომ უნდა გააკეთონ ისე, როგორც თვლიან საჭიროდ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ის არ სურს არც არხის დირექტორად და არც გადაცემების წამყვანად, შესაბამისად, მოხდება ამ ურთიერთობის ასეთნაირად გაგრძელება”.

რუსთავის 2 -ის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს,  წილების დარეგისტრირების შემდეგ, ნიკა გვარამია გაათავისუფლა დირექტორის თანამდებობიდან.  “ნეტგაზეთმა” ჯერჯერობით ვერ გაარკვია, ჰქონდა თუ არა გვარამიას ცალკე კონტრაქტი, როგორც წამყვანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი