ახალი ამბები

ირანში ახალგაზრდებმა სასულიერო პირი სცემეს, რომელიც მათ ისლამურ წესებზე დამორჩილებას აიძულებდა – მედია

22 ივლისი, 2019 • 1031
ირანში ახალგაზრდებმა სასულიერო პირი სცემეს, რომელიც მათ ისლამურ წესებზე დამორჩილებას აიძულებდა – მედია

ირანში ახალგაზრდების ჯგუფმა სცემა სასულიერო პირი, რომელიც მათ ისლამური წესების მიხედვით მოქცევას აიძულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” სპარსული გამოცემა სხვა ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობების თანახმად, 21 ივლისს, თეირანთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში მომხდარი ინციდენტისას სასულიერო პირი ექვსმა ახალგაზრდა კაცმა და სამმა ახალგაზრდა ქალმა სცემა. მანამდე ის მათ ეუბნებოდა, რომ ქუჩაში საპირისპირო სქესის მქონე ადამიანებს შორის ახლო ურთიერთობები აკრძალულია.  შემთხვევის შემდეგ სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც უკვე გაეწერა.

“რადიო თავისუფლების” სპარსული გამოცემის ცნობით, ირანში ისლამური სამოსის ტარებისა და შესაბამისი საზოგადოებრივი ქცევების დაძალებას არაერთგზის გამოუწვევია ინციდენტები, რომლებიც ხშირად იღებს ძალადობრივ სახეს. 2014 წელს, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა კიდეც. ამის შემდეგ ირანის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც “მორალის გამავრცელებლებსა და ამორალობის ამკრძალავებს” მხარდაჭერას უცხადებდა.

ინციდენტების ფონზე, სხვაგვარად მოიქცა ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, რომელმაც ქვეყნის სულიერ ლიდერს, ალი ხამენეის, წერილი მისწერა და სთხოვა, პრობლემური კანონების აღსრულება შეეწყვიტა. რუჰანი საუბრობდა ისეთ კანონებზე, რომლებმაც, შესაძლოა, თვითნებური ქმედებები გამოიწვიოს გარკვეულ პირთა მხრიდან. ხამენეიმ წერილი განსახილველად საარბიტრაჟო საბჭოს გადასცა, რომელმაც მხარი პარლამენტის ხედვას დაუჭირა.

ფოტო გარეკანზე: Fars

 

მასალების გადაბეჭდვის წესი