ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. მისი თქმითვე, მენეჯმენტი კომპანიაში გეგმავს „საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას“.
„ახლა სამუშაო პროცესში ვართ. გვინდა მოვამზადოთ კომპანიაში არსებული ინფორმაცია, რათა ჩატარდეს კვალიფიციური აუდიტი საერთაშორისო კომპანიის მიერ“, — უთხრა სალიამ „რუსთავი 2“.
მოგვიანებით, 19 ივლისის საღამოს, რ2-ის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა:
„ის, რომ ფინანსური, პრობლემები არსებობს, არ არის ახალი, როგორც ვხვდები. თუმცა იმ მოლოდინს, რაც გვქონდა, ძალიან გადააჭარბა დღეს არხზე ამ მიმართულებით არსებულმა სიტუაციამ… არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. ჩვენ ვმუშაობთ, ვფიქრობ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ რაც დაგვხვდა, არის ძალიან ცუდი“.
