ახალი ამბები

რ2-ის გამოსყიდვაში მაშინდელ ხელისუფლებას ივანიშვილი დაეხმარა – გოცირიძე

19 ივლისი, 2019 • 1475
რ2-ის გამოსყიდვაში მაშინდელ ხელისუფლებას ივანიშვილი დაეხმარა – გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის გამოსყიდვის პროცესში 2000-იან წლებში „მაშინდელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა“.

გოცირიძემ 19 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ყოველთვის ყველამ იცოდა, „რუსთავი 2“ ირაკლი ოქრუაშვილის იყო და ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური, ფიქტიური მესაკუთრე იყო [ამას ოქრუაშვილი რამდენიმე წელია, საჯაროდ ამბობს, ხალვაში კი ინფორმაციას უარყოფს].

„რუსთავი 2“ არასოდეს არ ყოფილა ქიბარ ხალვაშის საკუთრება. ის, რომ ქიბარ ხალვაში არ იყო „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე, ეს ძალიან კარგად იციან დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ. ჰკითხეთ და გეტყვიან, რომ ქიბარ ხალვაში მესაკუთრე არ იყო. ძალიან კარგად იციან, მათი წილების გამოსყიდვა ვისი ფულებით მოხდა. ისიც კარგად იციან, რომ „რუსთავი 2“-ის გამოსყიდვის პროცესში მაშინდელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა, რომელიც იმ დროს ბადრი პატარკაციშვილის მოწინააღმდეგე იყო და არ აწყობდა. ეს ყველაფერი იცოდა ეროსი კიწმარიშვილმა, „რუსთავი 2“ის წილის დათმობების პროცესი, მათ შორის ივანიშვილის როლი ამ პროცესში“, – პირველი არხის თანახმად, ასე განაცხადარომან გოცირიძემ 19 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას. გოცირიძემ „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ ეს კომენტარი მას ეკუთვნის.

…„ის, რომ ოპოზიციონერს ეუბნებიან, „საიდან გქონდა 7 მილიონი ამ ტელევიზიის შესასყიდად“ და სხვა მიმართულებით გადაჰყავთ აქცენტები, აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომ ტელევიზია არის მისი.  ტელევიზიის საყიდლად წყარო რა იყო, ეს არსებითაც არ ცვლის ფაქტს, რომ ადამიანი ადასტურებს, რომ ტელევიზია იყო მისი“, — გვითხრა რომან გოცირიძემ.

ნახეთ ასევე:

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი