ახალი ამბები

რუსეთი საქართველოსთან რაგბის მატჩს აუქმებს „რადიკალური პირების გამოსვლის“ საბაბით

19 ივლისი, 2019 • 1133
რუსეთი საქართველოსთან რაგბის მატჩს აუქმებს „რადიკალური პირების გამოსვლის“ საბაბით

რუსეთის რაგბის ფედერაცია აცხადებს, რომ გაუქმდა 27 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის. ამ გადაწყვეტილების მიზეზადად რუსეთის რაგბის ფედერაცია „საქართველოში რადიკალური პირების გამოსვლას“ ასახელებს, რამაც, მათ თანახმადვე, „შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მყოფ ადამიანებს“.

რუსეთის რაგბის კავშირმა 19 ივლისს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც წერენ, რომ „შეშფოთებით ადევნებენ“ თვალს საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს:

„სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალური პირების გამოსვლა რიგ შემთხვევებში იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და შესაძლოა საფრთხე შეექმნათ ამ ქვეყანაში მყოფ ადამიანებს“, — წერია განცხადებაში. მათი თქმით, სწორედ „ამ გარემოებების გამო რუსეთის რაგბის ფედერაცია მიზანშეუწონლად მიიჩნევს მატჩის გამართვას“. რუსეთის რაგბის ფედერაცია წერს, რომ ბოდიშს უხდიან ორივე გუნდის გულშემატკივრებს.

საქართველოში უკვე თითქმის ერთი თვეა, მიმდინარეობს საპროტესტო დემონსტრაციები, თუმცა ეს დემონსტრაციები მშვიდობიანია, რასაც მუდმივად უსვამენ ხაზს აქციის ორგანიზატორები.

აქციები უკავშირდება პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ რუსულ ენაზე სხდომის წაყვანას. აქციების ერთადერთი დარჩენილი მოთხოვნად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი