ახალი ამბები

როცა ივანიშვილს კონტროლი აღარ ექნება სასამართლოზე, გადაწყვეტილება შეიცვლება – სააკაშვილი რ2-ზე

19 ივლისი, 2019 • 1068
როცა ივანიშვილს კონტროლი აღარ ექნება სასამართლოზე, გადაწყვეტილება შეიცვლება – სააკაშვილი რ2-ზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე  მოვლენებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც არხი ხალვაშს ეკუთვნის, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ შეიცვლება.

ვიდეომიმართვაში, რომელსაც სააკაშვილი ავრცელებს, მადლობას უხდის რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს და ამბობს: “ოლიგარქი ვერ გაგაქრობთ ფიზიკურად, ვერ მოგისყიით და ვერ ჩაგაკმენდინებთ ხმას“.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იპოვით გზას, რომელიც გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებდით აქამდე. ხალხს სჭირდებით თქვენ, როგორც არასდროს, ძალიან ძლიერად და ახლა, ალბათ, მეტად, ვიდრე ადრე.

შემდეგი მომენტი არის ის, რომ აქ ევროპაზე საუბარი ზედმეტია, უბრალოდ, ევროსასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც უკვე სასამართლო წესით გააკეთა ივანიშვილმა, რა უბედურებაც მან ჩაიდინა ე.წ. ქართულ სასამართლოში. მაგრამ იმ მომენტიდან, როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ძალიან მალე, როგორც კი მისი კონტროლი აღარ იქნება სასამართლოზე – ეს უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცვლება.

ახლა ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს მომენტი, როდესაც ივანიშვილი მოშორდება საქართველოს, რომელზეც არის ჩამობღაუჭებული, ძალიან მალე დადგეს. და ეს მომენტი, გპირდებით, ძალიან მალე დადგება“, – ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ამ გარდამავალმა პერიოდმა უმტკივნეულოდ და სწრაფად ჩაიაროს.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დამდგარი განაჩენი. იმავე დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა.

მალევე ცვლილება “რუსთავის 2”-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი, პაატა სალია დაინიშნა. მოგვიანებით, სალია “რუსთავი 2”-ის ოფისში მივიდა და ნიკა გვარამიას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა. გვარამიამ ახალ დირექტორთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, თავად სალია კი ჟურნალისტებს განმეორებით, სავარაუდოდ, დღეს 19 ივლისს შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი